ბექა ოდიშარია - გაუგებარია უმადურობა ადამიანებისგან, რომლებიც „ნაცებთან“ და ნაცმაცუნებთან მეგობრობის გამო ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ხელისუფლებას, რომელიც გულწრფელად უდგას მათ გვერდით
ბექა ოდიშარია - გაუგებარია უმადურობა ადამიანებისგან, რომლებიც „ნაცებთან“ და ნაცმაცუნებთან მეგობრობის გამო ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ხელისუფლებას, რომელიც გულწრფელად უდგას მათ გვერდით

პოდოლიაკის ინტერვიუს მოვუსმინე, ისეთი კარგი რუსულით საუბრობს, რუსული მისგან მესმოდა, უკრაინულად ერთი სიტყვა არ უთქვამს და რამდენჯერ უნდა დავინდოთ იმის გამო, რომ უკრაინელ ხალხს ვგულშემატკივრობთ. კარგად მოიკითხოს, რა გააკეთა ივანიშვილმა, შემდეგ შეუძლია, ილაპარაკოს მასსა და საქართველოზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა ოდიშარიამ მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“. მისივე თქმით, „საქართველოს მთავრობის საუბარში რუსეთის ფედერაციის ხმა ისმის“.

„პოდოლიაკის ინტერვიუს მოვუსმინე ერთ-ერთ სატელევიზიო ჩართვაში, „ტელეგრამ არხი“ იყო და ისეთი კარგი რუსულით საუბრობს, რუსული მისგან მესმოდა, უკრაინულად ერთი სიტყვა არ უთქვამს და რამდენჯერ უნდა დავინდოთ იმის გამო, რომ უკრაინელ ხალხს ვგულშემატკივრობთ, მართლა განვიცდით. გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს, იმ ძველი ხუმრობის არ იყოს. ბიძინა ივანიშვილთან შედარებით ჯერ ერთი, ქვა ქვაზე დადოს თავის ქვეყანაში და კარგად გაიხედოს თავისი ოფისის ფანჯრიდან, რა ხდება ქვეყანაში და კარგად მოიკითხოს, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. შემდეგ შეუძლია, ენა გადაიგდოს მხარზე, ილაპარაკოს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოზე. მეტი მკვეთრად რა ვთქვა პოდოლიაკზე. მტკიცებულებები ვის აქვს და ვის – არა, ბნელ ოთახში ეძებენ კატას, იქ, სადაც არ არის. ნუ ვნებთ ჩვენს ქვეყანას და ნუ ცდილობთ, რამენაირად ომში ჩართვის ქოთანს ხან აქედან მოაბათ კუდი, ხან იქიდან. ეს იმდენად ზედაპირზე დევს, რომ საზოგადოებას უკვე ამ დამოკიდებულების ატანა აღარ აქვს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიას ჟურნალისტებმა ასევე სთხოვეს, შეეფასებინა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსირებას გმობს და რომლის თანასპონსორიც არის საქართველო.

„აბსოლუტურად ყველა რეზოლუციის თანასპონსორი არის საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის ინიციატორი და გაუგებარია ასეთი უმადურობა ადამიანებისგან, რომლებიც დეკლარირებულად ამბობენ, ვითომ გულშემატკივრები არიან ჩვენი ქვეყნის. სინამდვილეში, იმის გამო, რომ მეგობრობენ „ნაცებთან“ და ნაცმაცუნებთან, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ იმ ადამიანებს და ხელისუფლებას, რომლებიც გულწრფელად უდგანან გვერდით მათ და მათ ხალხს“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსირებას გმობს. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ. კენჭისყრისას თავი 35-მა წევრმა შეიკავა.

დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“.