ბექა ოდიშარია - ერთპროცენტიანი და ერთკაციანი პარტიები ნებისმიერ თემას იყენებენ, რომ რამენაირად იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე
ბექა ოდიშარია - ერთპროცენტიანი და ერთკაციანი პარტიები ნებისმიერ თემას იყენებენ, რომ რამენაირად იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე

ყველასათვის ცნობილია, რომ ნებისმიერ თემას ეს ერთპროცენტიანი და ერთკაციანი პარტიები იყენებენ იმისთვის, რომ რამენაირად იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე, რაც შეეხება ნიკა მელიას თუ სხვას, რაც არ უნდა მავნებლები ან პროვოკატორები იყვნენ, ციხისთვის  არავინ მემეტება, თუმცა ის არის გირაოს ქვეშ და მოახდინა პოლიციის პროვოცირება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია პოლიციელთან ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდა.

„წარმოიდგინეთ, აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში ვინმე მუშტებით დაუპირისპირდეს პოლიციელს, იქ რა მოხდება, გაცილებით მწვავე რეაქცია იქნება. ჩვენი პოლიციელები მაინც ქართველები, კაცთმოყვარეები და ინსტრუქტირებული არიან, რომ მაქსიმალურად ჰუმანურად მოეპყრონ, თუმცა შეიძლება, ვიღაცის თვალში დაკავება არანაირად არ გამოიყურებოდეს ჰუმანურად, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო იქ შექმნილი მდგომარეობიდან. არ შეიძლება, პოლიციელს ხელი მოუქნიო, დაარტყა მუშტი და პირდაპირ შეხვიდე კონტაქტში, აგინო და ა.შ. წარმოუდგენელი ამბავია მთელ მსოფლიოში, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ნიკა მელიას და მასთან ერთად დაკავებული ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვენ.