ბექა ოდიშარია ემიგრანტებს დედაენის დღეს ულოცავს
ბექა ოდიშარია ემიგრანტებს დედაენის დღეს ულოცავს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ემიგრანტებს დედაენის დღეს ულოცავს.

„ძვირფასო მეგობრებო, უცხოეთში მცხოვრებო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენი ქვეყნისათვის და მისი მოქალაქეებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს – დედაენის დღეს. წითელი რეჟიმის წნეხის მიუხედავად, 1978 წლის 14 აპრილს, ქართველმა საზოგადოებამ, ჩვენმა ღირსეულმა წინამორბედებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და თავგანწირვის შედეგად, შეგვინარჩუნეს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ახალგაზრდებისათვის შესაძლოა უცნობია ის ფაქტი, რომ საბჭოთა იმპერიის მაშინდელ გადაწყვეტილებას საბჭოეთის სხვა რესპუბლიკებშიც მოჰყვა უკმაყოფილება, თუმცა სახალხო დაუმორჩილებლობა მხოლოდ ქართველებმა გაბედეს.

წარსულშიც და ახლაც ჩვენს საზოგადოებას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ენის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. სწორედ ამიტომ მსურს, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო უცხოეთში მოღვაწე ქართული საკვირაო სკოლების პედაგოგებს, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, მათ შეგირდებსა და ოჯახის წევრებს, რადგან, სწორედ, მათი დამსახურებაა მეორე და მესამე თაობის ემიგრანტებში ქართული ენისა და იდენტობის შენარჩუნება.

მეგობრებო, თქვენ ჩვენი დროის გმირები ბრძანდებით! გარწმუნებთ, ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ თქვენს ამ ფასდაუდებელ ღვაწლს! ვფიქრობ, ამ სიტყვებით ყველა ჩვენი თანამოქალაქის თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გამოვხატავ. მშობლიური ენის ცოდნას ქართულ დიასპორაში, საფრთხე არასდროს უნდა შეექმნას. ეს გახლავთ ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაჩენისა. ეს არის ის ღირებულება, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, გაფრთხილება და სიყვარული.

დედაენის გარეშე გაზრდილი ადამიანი შორდება საკუთარ ფესვებს, კულტურას, ტრადიციას და ვერც სხვის კულტურას ეზიარება სრულყოფილად. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქართული და კავკასიური ენების დაცვა-შენარჩუნება.

დედაენის დღე მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქართულთან ერთად აფხაზური ენა საქართველოში სახელმწიფო ენაა, რომელსაც, ანალოგიურად, სჭირდება დაცვა და გაფრთხილება“,- აღნიშნულია ბექა ოდიშარიას მილოცვაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი