ბექა ოდიშარია - დიასპორაში გვყავს ორ მილიონამდე წარმატებული ქართველი, რომელთა ჩართულობის უზრუნველყოფა არის პარლამენტისა და მთავრობის პასუხისმგებლობაც
ბექა ოდიშარია - დიასპორაში გვყავს ორ მილიონამდე წარმატებული ქართველი, რომელთა ჩართულობის უზრუნველყოფა არის პარლამენტისა და მთავრობის პასუხისმგებლობაც

დიასპორაში გვყავს ორ მილიონამდე წარმატებული ქართველი, ეს არის უდიდესი ინტელექტუალური, ეკონომიკური და ეროვნული ძალა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა არის როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის პასუხისმგებლობაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ დღეს წარდგენილ სამ დიასპორულ პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ასეთი ინიციატივების მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.

„დღეს გამოცხადებული კონკურსი შეეხება ათეულობით აქტიურ დიასპორელს. ჩვენ გვყავს ძალიან საამაყო ადამიანები, ახალგაზრდა ელჩები, რომელთა მიმართებაშიც ეს საგრანტო პროგრამა არსებობს და სრულად იქნება ათვისებული. მივესალმები საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ქართული მუსიკის, ცეკვისა და ზოგადად კულტურის ხელშეწყობას დიასპორაში.

რაც შეეხება ბენეფიტებს, როდესაც ჩვენ ველოდებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაზე მსხვილი ინვესტორები სწორედ დიასპორელები იქნებიან. ჩვენ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გავმართეთ პირველი ბიზნესფორუმი, რომელშიც 400-ზე მეტმა ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა. დიასპორაში ასეთი 2 მილიონამდე წარმატებული ქართველი გვყავს. ეს არის უდიდესი ინტელექტუალური, ეკონომიკური და ეროვნული ძალა, რომელიც ჯერ აუთვისებელია. მათი ჩართულობის უზრუნველყოფა როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის პირდაპირი მოვალეობაც არის და პასუხისმგებლობაც“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დღეს დიასპორული პროგრამები წარადგინა. ეს პროგრამებია: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამა და საგრანტო კონკურსი – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“.