ბექა ოდიშარია - ჩვენნაირი პატარა ქვეყნის მზარდმა ეკონომიკამ რომ შეძლოს და მოახერხოს ბევრი რამ, საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა
ბექა ოდიშარია - ჩვენნაირი პატარა ქვეყნის მზარდმა ეკონომიკამ რომ შეძლოს და მოახერხოს ბევრი რამ, საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა

იმისთვის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნის პატარა ეკონომიკამ შეძლოს და მოახერხოს ბევრი რამ, პირველ რიგში საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა, რასაც ყველას გისურვებთ, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს რამდენიმე ინიციატივით მიმართა, რომლის განხორციელებაც, მისი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიასპორის პოტენციალის ჩართვის თვალსაზრისით. ოდიშარიამ ვიცე-პრემიერს ეკონომიკურ პროცესებში დიასპორის აქტიური ჩართულობის რამდენიმე ფორმა და მოდელი შესთავაზა

ბექა ოდიშარიამ უცხოეთში მყოფი წარმატებული ქართველი ბიზნესმენებისთვის კონფერენციის გამართვის ინიციატივაზე ისაუბრა.

„კონფერენცია უნდა იყოს ინფორმატიული, თუ რის შესაძლებლობას იძლევა ქართული სახელმწიფო ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის კუთხით. დღევანდელ საქართველოში სულ სხვა შესაძლებლობებია მრავალი მიმართულებით, ბიზნესი თავისუფალია და გარემო ჯანსაღი. დარწმუნებული ვარ, თუკი მოვამზადებთ და შევთავაზებთ კონკრეტულ ბიზნეს პაკეტებს, პროექტებს, შედეგიც არ დააყოვნებს. აღნიშნული ღონისძიების მოკლევადიანი მიზანი გახლავთ კონკრეტული ბიზნეს გარიგებები, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ის იქცევა ტრადიციად, ჩვენი თანამემამულეებისთვის, ვისაც აქვს დაგროვილი გარკვეული ცოდნა და კაპიტალი, აქ გენერირებული სულისკვეთება, პირველ რიგში უნდა იქცეს პატრიოტიზმის, ხოლო მეორე რიგში პრესტიჟულობის შეგრძნების გამღვივებლად, რომ თითოეული ქართველი ფლობდეს ქონებასა და ბიზნესს საქართველოში, საძირკველს უმყარებდეს საკუთარ ქვეყანას, ზურგს უმაგრებდეს საკუთარი ხალხის კეთილდღეობას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.