ბექა ოდიშარია - ცესკო-ს დისკრედიტაციასთან დაკავშირებით ლუზერი ოპოზიციის მიერ ატეხილია კამპანია, დასანანია, რომ ამაში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი
ბექა ოდიშარია - ცესკო-ს დისკრედიტაციასთან დაკავშირებით ლუზერი ოპოზიციის მიერ ატეხილია კამპანია, დასანანია, რომ ამაში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი

ცესკო-ს დისკრედიტაციასთან დაკავშირებით ლუზერი ოპოზიციის მიერ ატეხილია კამპანია, დასანანია, რომ ამაში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს.

ბექა ოდიშარიას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის არის მხარე.

„საზოგადოებისთვის ცხადია ლუზერი ოპოზიციის მიერ ატეხილი კამპანია, მათთან აფილირებული „ენჯეოების“ მონაწილეობით, რომელიც ცესკო-ს დისკრედიტაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. დასანანია, რომ ამაში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის არის მხარე. ოპოზიცია და ეს ვითომ „ენჯეოები“ ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შედეგისთვის, რადგან ისინი არიან ლუზერები, მათ არჩევნები ინფინიტივშივე წაგებული აქვთ, შესაბამისად, ყველანაირ ბერკეტს ეძებენ, მათ შორის, მახინჯ ბერკეტებს. როგორ შეიძლება, ცესკო-ში არსებობდეს პოლიტიკური ნიშნით დანიშნული ადამიანი? ცესკო უნდა იყოს აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკური შემადგენლისგან, ჩვენ ამას ვაწესრიგებთ. გასაგებია, რომ ოპოზიცია ეწინააღმდეგება, მაგრამ დასანანია, რომ ამაში ერთვება სალომე ზურაბიშვილი – ზეპარტიულ პრეზიდენტად ჩვენ მიერ წოდებული.

ანუ თუ ჩვენ ვეცდებით, პოლიტიკისგან დავცალოთ ცესკო, იმწუთში ხდება ერთპარტიული ინსტიტუცია? ეს ხომ დემაგოგია, დესტრუქციაა, ეს ხომ ფეიკია, ყალბი პროპაგანდაა, რომელიც ცესკო-ზე იერიშის მიტანისკენ არის მიმართული. ცესკო-ზე იერიშის მიტანა არახალია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“, გახსოვთ, როგორ ძვრებოდნენ გალავნებზე, რათა სერვერები ჩამოენგრიათ, ხალხისთვის არ ყოფილიყო ცნობილი, როგორ წააგეს არჩევნები. ახლაც რისთვის უნდათ, რომ მოემზადონ? არანაირი რესურსი არ აქვთ, წაგებული აქვთ არჩევნები და ემზადებიან ყველა ხერხით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.