ბექა ოდიშარია - არ ვყოფილვარ არანაირი სამართლებრივი პროცესის მონაწილე, მაგრამ შევეცადე, მომესმინა ამერიკელი ექსპერტებისთვის, რასაც მივხვდი, აქვთ ამერიკული სახელი და გვარი, რითიც აპელირება ხდება
ბექა ოდიშარია - არ ვყოფილვარ არანაირი სამართლებრივი პროცესის მონაწილე, მაგრამ შევეცადე, მომესმინა ამერიკელი ექსპერტებისთვის, რასაც მივხვდი, აქვთ ამერიკული სახელი და გვარი, რითიც აპელირება ხდება

მე ვარ ადამიანი, რომელსაც ნაკლებად მაქვს მხარედ მონაწილეობის გამოცდილება. აქამდე არ ვყოფილვარ არანაირი სამართლებრივი პროცესის მონაწილე, მით უმეტეს, როცა სიღრმეებში შედიან ექსპერტები, მაგრამ შევეცადე, გულისყურით მომესმინა ამერიკელი ექსპერტებისთვის. რასაც მივხვდი, აქვთ ამერიკული სახელი და გვარი და ამით აპელირება ხდება ძალიან მოქნილად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე გამართულ გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ კაცისგან რაც გავიგეთ, ინფორმაციას იღებს მშობლებისგან და ადვოკატებისგან. წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში თუ მაინცდამაინც ამერიკელი კაცის სახელსა და გვარს უნდა დავეყრდნოთ, იმდენი ნიჭიერი მეცნიერი გვყავს, იგივე ინფორმაცია ამ ხალხს რომ დავურიგოთ, თქვენც გაიგებთ უკეთესს და შემდეგ გველაპარაკონ ჭეშმარიტებაზე.

90-იან წლებში იყო პერიოდი, როცა მეტი წონისთვის ამერიკული სახელისა და გვარის ადამიანები ჩამოჰყავდათ. სხვათა შორის, ზოგი სახელ-გვარი გადაკეთებული იყო. თითქოს ამით პროცესს წონას სძენდნენ. ამ ადამიანმა უნდა ილაპარაკოს საქმეზე, გამოიტანოს დოკუმენტი. გასაგებია, რომ ლიცენზია აქვს, მაგრამ მისი მონაწილეობა ამ საექსპერტო დასკვნაში ნულოვანია. საპირისპიროდ არის სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელსაც საერთაშორისო ქსელი აღიარებს. რატომ არ უნდა ვენდოთ მას და უნდა ვენდოთ ვიღაც ადამიანს, ვისი კომპეტენციაც ვერ დავინახე, გარდა იმისა, რომ უცხოური სახელი და გვარი აქვს. დილას ბევრი ადამიანი გამოიყურება მძიმედ, ვიდრე სამსახურში წავა და მოწესრიგდება. ამაზე საუბარი ძალიან მერიდება. ასეა თუ ისე, რა სასათბურე პირობებშიც არ უნდა იხდიდე სასჯელს, ჩემი ხასიათის ნაწილი არ არის პატიმარზე სარკაზმით საუბარი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.