ბექა ნათელაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა
ბექა ნათელაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა

ქართული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზიის ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც შარშან რუსეთმა უმასპინძლა, „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით მონაწილეობდა მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ნათელაშვილი. ღონისძიება რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ და პირადად რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციის შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, სადაც მადლობა გადაუხადეს რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს.

საქართველოს პირველი არხი კომენტარისთვის დაუკავშირდა ბექა ნათელაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა არ უარყო.

„ამ კონფერენციის ტრიბუნას ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ. პარტიის საერთაშორისო მდივანი ვარ და ამ კონფერენციებზე ძირითადად მე მივდივარ. ეს ყოველწლიური კონფერენცია თურქეთში, მალაიზიაში და მოსკოვშიც იყო. ყველა გამოსვლაში ჩემი საუბარი ოკუპაციას ეხებოდა“, – აღნიშნა ბექა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება მედვედევისადმი მადლობას, ნათელაშვილი ამბობს, რომ „ეს ფორმალობაა“.

„საერთო დეკლარაციაა, როდესაც მასპინძელ ქვეყანას მადლობას უხდიან. ბოიკოტი რატომ უნდა გამომეცხადებინა. პირდაპირ მოსკოვში ჩავედი და სადაც რუსი დეპუტატები ისხდნენ, პირდაპირ ვუთხარი, რომ ოკუპანტები არიან და ასეთი პოლიტიკის გაგრძელება დაუშვებელია. ცალკე პირადი საუბრები არავისთან მქონია“, – აღნიშნა ბექა ნათელაშვილმა.