ბექა ნაცვლიშვილი - უმჯობესი იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შერიგებისკენ ყოფილიყო მიმართული
ბექა ნაცვლიშვილი - უმჯობესი იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შერიგებისკენ ყოფილიყო მიმართული

“ქართულ ოცნებასთან” ღირებულებითი და იდეოლოგიური განსხვავებები “სოციალ-დემოკრატებს” გვაქვს და თუ ვინმე მმართველი გუნდიდან უნდა გასულიყო, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გუნდებად დაყოფის შესაძლებლობას ვერ ხედავს, თუმცა მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არის და ეს ცალსახად ნათელია.

„სოციალ-დემოკრატებს” მმართველ გუნდთან მიმართებაში ხშირად განსხვავებები გვაქვს, რაც ეკონომიკურ პოლიტიკას ეხება, მაგრამ პიროვნულ დაპირისპირებას ყურადღება უფრო ნაკლებად უნდა მიექცეს. თუ განსხვავება არსებობს, ეს მსოფლმხედველობითი და შინაარსობრივი უნდა იყოს. პიროვნული უთანხმოება სწრაფად გადაწყვეტადი და მოგვარებადია, მაგრამ თუ თავს ღირებულებითი დაპირისპირება იჩენს, მისი გადალახვა ბევრად უფრო რთული იქნება. დაშლაზე საუბარი არ არის, ყოველ შემთხვევაში ამის შესაძლებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. სურვილსაც კი ვერ ვხედავ. პიროვნული უთანხმოებების გადალახვა მარტივია”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატი თანაგუნდელის დავით ჭიჭინაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მმართველის გუნდის წევრების მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებას ეხებოდა.

“გარკვეული თვალსაზრისით მის კომენტარს ვიზიარებ, რადგან ლამაზი არ იყო დეპუტატების რაოდენობის ჩამოთვლა, თითქოს საერთო კონტექსტში ვერ ჯდებოდნენ. ეს სწორად არ მიმაჩნია. არ მგონია, პროცესი დაშლისკენ მიდიოდეს. ღირებულებითი და იდეოლოგიური განსხვავებები მმართველ გუნდთან “სოციალ-დემოკრატებს” გვაქვს და თუ მმართველი გუნდიდან ვინმე უნდა გასულიყო, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით. შეიძლება, ეს მომავალში მოხდეს, მაგრამ ეს იმ მასშტაბის დაპირისპირება არ არის, რომ ამას გუნდის დაშლა მოჰყვეს. უმჯობესი იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შერიგებისკენ ყოფილიყო და საჯარო განცხადებები არ გაკეთებულიყო იმ მიმართულებით, რომ ეს ნაპრალი პირიქით გაეღრმავებინათ. ყველა მოწადინებულია ამ სიტუაციის განმუხტვისკენ, ვიდრე გაღრმავებისკენ. ვისურვებდი, რომ ჩვენს კოლეგებს უფრო გაეაზრებინათ, ამ ყველაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში როგორი შედეგის მოტანა შეუძლია გუნდისთვის. მიტმასნილი არავინ არავისზე არ არის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბირთვია და ამ ბირთვზე მიტმასნილი სხვა ვინმეა, პირველი მე ვიქნები, ვინც უმრავლესობას დავტოვებ, მაგრამ ეს ჯერ ასე არ არის, ყველა მიმართულია, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება “სოციალ-დემოკრატებმა” მმართველი გუნდი დატოვონ, ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზეც, როგორ წარიმართება საპენსიო რეფორმა, რამდენად იქნება მათი შეთავაზება გაზიარებული.

“თუ ამ თვალსაზრისით აზრთა სხვადასხვაობა დიდია, მაშინ ერთად ყოფნას აზრი არ აქვს, რადგან პოლიტიკაში ამ საკითხების გადაჭრისთვის ვართ. ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ თუ თავს ასეთი განსხვავებები იჩენს და ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება არ მოხდება, შესაძლებელია გუნდი დატოვოს მან, ვინც ამ საკითხზე ვერ თანხმდება”, – დასძენს ნაცვლიშვილი.