ბექა ნაცვლიშვილი - სოციალური პოლიტიკის მწარმოებლებსაც არ სჯერათ, რომ საარსებო მინიმუმი 181 ლარია
ბექა ნაცვლიშვილი - სოციალური პოლიტიკის მწარმოებლებსაც არ სჯერათ, რომ საარსებო მინიმუმი 181 ლარია

საარსებო მინიმუმი საქართველოში მანიპულირებულია და თვითონ სოციალური პოლიტიკის მწარმოებლებსაც არ სჯერათ, რომ საარსებო მინიმუმი 181 ლარია, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ძალიან მარტივად გეტყვით დათვლის მეთოდოლოგიას; ჩვენთან არის 70/30-ზე. 70 არის საკვები კომპონენტი და 30 დანარჩენი. თითქმის ყველა ქვეყანაში ეს არის 50/50-ზე. შემდეგ, საკვები კომპონენტი რომ ავიღოთ და ცხოველური წარმოშობის კალორიები პირიქით გადავითვალოთ, რადგან 60 არის არაცხოველური და 40 ცხოველური, რაც წესით, პირიქით უნდა იყოს, მივიღებთ დაახლოებით, 310 ლარს. ეს არის ადამიანის არა სრულფასოვანი სოციალური ცხოვრებისთვის საჭირო თანხა, არამედ ფიზიკური გადარჩენისთვის საჭირო თანხა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, 400 ლარი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი ადამიანისთვის, რომელიც დასაქმებულია, შრომობს და შესაბამისად, დოვლათის შექმნაში მონაწილეობს, რასაც ხელზე აიღებს, რომ ელემენტარულად უფრო მეტი მიიღოს, ვიდრე მისი გადარჩენისთვის იქნება საჭირო.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, ეხება თუ არა ეს ყველა სექტორს და შეიძლება თუ არა, ამ ცვლილებით მცირე ბიზნესს პრობლემები შეექმნას, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

„უნდა მიებას ვთქვათ, კომპანიის სიდიდეს, ბრუნვას და ა.შ. პირველ რამდენიმე წელიწადში უნდა გავრცელდეს დიდ კომპანიებზე, შემდეგ მცირე კომპანიებზე და ა.შ, რომ ამ სტანდარტების დაცვა პატარა მეწარმეებმაც შეძლონ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, 25 წელია, ადამიანებს იმით აშინებენ, რომ თუ რამე სტანდარტები იქნება, სამუშაო ადგილები გაუქმდება და ქვეყნიდან კაპიტალი გავა, რაც სასაცილოა.

„რა კაპიტალზეა საუბარი, მაღაზიებს და სასტუმროებს წაიღებენ თუ რა?! ეს ყველაფერი ხომ სასაცილოა?! ჯერ ერთი, საქართველოში მოგების მარჟა დაბალი არ არის. აქ შეიძლება, თავიანთ მოგებაში კალკულაცია მოახდინონ ამ ყველაფრის, ამ მინიმალური ხელფასის და ეს პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ამ ცვლილებას ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი ექნება – ბევრ ადამიანს გაუჩნდება დასაქმების მოტივაცია, ძალიან დაბალ ხელფასზე მომუშავე ადამიანების მსყიდველუნარიანობა გაიზრდება და ა.შ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა დათვლილი, რამდენი ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდება ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მდგომარეობა დაახლოებით, 250 000 ადამიანს გაუუმჯობესდება, რადგან 500 ლარამდე ხელფასი დაქირავებით დასაქმებულთა 35%-ს აქვს.