ბექა ნაცვლიშვილი - ტრეფიკინგი არსებობს, ადამიანები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ეს ანაზღაურებული არ არის
ბექა ნაცვლიშვილი - ტრეფიკინგი არსებობს, ადამიანები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ეს ანაზღაურებული არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ყალბი ცნობიერება არსებობს იმის, რომ დასაქმებული ადამიანი უბრალო ჭანჭიკია, რომელიც, რომ დაძველდება ან გაფუჭდება, უნდა გადააგდო.

ბექა ნაცვლიშვილმა შრომის უსაფრთხოებასა და შრომის უფლებებზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ამ წუთებში საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ.

დეპუტატის ცნობით, სასამართლო ინსტანციებში შრომის დავა საშუალოდ სამი წლის განმავლობაში გრძელდება და ამით ზიანდებიან როგორც დასაქმებულები, ასევე დამსაქმებლები. შესაბამისად, ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალი შრომის სპეციალური სასამართლო კოლეგიის შექმნა, ან შრომითი დავების განმხილველი მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაცია იქნება.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართავთ, რომ მოსამართლეების რაოდენობა დაადგინოს, რომელიც განკუთვნილი შრომით დავებზე იქნება. ეს კანონპროექტი ზედამხედველობის მოცვის თვალსაზრისით, დამაკმაყოფილებელი არ არის. არგუმენტი ვერ მოვისმინე, ცვლილებები ყველა დანარჩენ სფეროზე რატომ არ უნდა გავრცელდეს, რომელზეც არ ვრცელდება. ვერც ის მოვისმინე, შრომითი ინსპექციის ინსპექტირება ზოგადად შრომის უფლებებზე როდის გავრცელდება. შრომის უსაფრთხოება და შრომითი უფლებები ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია. ყალბი ცნობიერება არსებობს იმის, რომ დღემდე დასაქმებული უბრალო ჭანჭიკია, რომელიც რომ დაძველდება ან გაფუჭდება, უნდა გადააგდო. დოვლათის შექმნის პროცესში დასაქმებული ადამიანი საერთოდ არ მონაწილეობს. ამ ლოგიკას სანამ გავაგრძელებთ, ჩვენი თანამოქალაქეების, მშრომელების ღირსეულ უფლებებზე ასეთი დამოკიდებულება გვექნება“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

კანონმდებელმა შრომით უფლებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ თვალსაზრისით ტრეფიკინგი არსებობს.

„დღეს ტრეფიკინგია არა იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცას სარდაფში კეტავენ, იქ ამუშავებენ და პასპორტს პარავენ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ეს ანაზღაურებული არ არის, რადგან ყველას ეშინია, ზეგანაკვეთურ სამსახურზე თუ ხმას ამოიღებს, სამსახურიდან გააგდებენ, ახალ ჭანჭიკს მოიტანენ და დაამაგრებენ. იძულებული შრომა არ არის, როცა ადამიანი შრომობს და ანაზღაურება არ აქვს? – ეს საკითხი შრომის უფლებებზე რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს და ახალი ცვლილებები როდის უნდა შემოვიდეს? კიდევ კარგი, რომ ევროკავშირთან ვალდებულებები გვაქვს და კიდევ კარგი, რომ ამ საკითხზე უნდა დავფიქრებულიყავით. თითს 2024 წელზე ვიშვერთ, რომ ეს ვალდებულება მაშინ უნდა შევასრულოთ, მაგრამ 2024 წელს უნდა დაველოდოთ, თუ ცვლილებების განხორციელება საჭირო დღესაა? მართლა კოლონია ხომ არ ვართ, გვეტყვიან, ამ დროს შეასრულეთ და მხოლოდ მაშინ უნდა შევასრულოთ ყველაფერი?“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.