ბექა ნაცვლიშვილი - შრომის უსაფრთხოება შრომის უფლებების ზედამხედველობის გარეშე ვერ ფუნქციონირებს და არ არსებობს
ბექა ნაცვლიშვილი - შრომის უსაფრთხოება შრომის უფლებების ზედამხედველობის გარეშე ვერ ფუნქციონირებს და არ არსებობს

შრომის უსაფრთხოება შრომის უფლებების ზედამხედველობის გარეშე ვერ ფუნქციონირებს და არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„თუ გავითვალისწინებთ იმ სამუშაო გრაფიკებს, რაშიც დასაქმებულებს უწევთ მუშაობა, იმ დატვირთვას, რითაც მუშაობენ და ანაზღაურებას, რაც აქვთ, ამ პირობებში ძალიან რთულია და თითქმის, არ არსებობს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა. ეს უბრალოდ, გამორიცხულია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, როცა პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ რეალური რეფორმები გატარდეს და ვითარება რეალურად გამოსწორდეს, ხელისუფლება ევროკავშირთან ათანხმებს ისეთ ვალდებულებებს, რომელიც მარტივად შესასრულებელია და შესაბამისად, ვერაფერს ცვლის.

„ევროკავშირი კი არის დაინტერესებული აქ ვითარების გაუმჯობესებით, რადგან ეს ის სტანდარტებია, რომლებიც მისი სოციალური წესრიგისთვის საბაზისოა, მაგრამ თავს ხომ არ მოიკლავს იმისთვის, ჩვენთან ეს განხორციელდება თუ არა?! აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ის ეთანხმება ხოლმე იმ წამოყენებულ პოზიციებსა და მოთხოვნებს, რაც სახელმწიფოს გააჩნია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ არ არსებობს შრომის ინსპექცია, რომელიც შრომის კანონმდებლობას და შრომით უფლებებს ზედამხედველობს, შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის თვალსაზრისით, მისი ნებისმიერი აქტივობა ფუჭი იქნება.

„მოლაპარაკების დროს, სახელმწიფომ აირჩია შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის კომპონენტი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო და შემდგომ, რამდენიმე წლის შემდეგ, შრომის ინსპექციის უფლებამოსილება შრომის უფლებებზე უნდა გავრცობილიყო. ეს საფუძველშივე არასწორია, იქედან გამომდინარე, რომ ამ ორი კომპონენტის ერთმანეთისგან გამიჯვნა უბრალოდ, არ შეიძლება, რადგან ვერც ერთის დაცვა ვერ მოხდება. ამ შემთხვევაში, ვერც შრომის უსაფრთხოების დაცვა მოხდება და შესაბამისად, ავტომატურად, ვერც შრომის უფლებები იქნება დაცული, რადგან შრომის ინსპექციას უფლებამოსილება არ ექნება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.