ბექა ნაცვლიშვილი - ნინო გვენეტაძე ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად იქ, სადაც იყო
ბექა ნაცვლიშვილი - ნინო გვენეტაძე ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად იქ, სადაც იყო

ნინო გვენეტაძე ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად იქ, სადაც იყო – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას ნინო გვენეტაძის გადადგომაზე ინფორმაცია არ ჰქონია, თუმცა, მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავს არაკომფორტულად გრძნობდა.

„მე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ ნინო გვენეტაძე ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად, დარწმუნებული ვარ. ერთმანეთის მეგობრები არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ადრე კოლეგები ვიყავით, უნივერსიტეტში ერთად ვმუშაობდით, მაგრამ რამდენჯერაც შევხვედრივარ, განცდა მქონდა იმისა, რომ კომფორტულად ვერ გრძნობდა თავს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა უკავშირდებოდეს გვენეტაძის გადადგომის გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში აღნიშნული საქმე, ბექა ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

ამასთან, მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფრაქციამ ერთხელ მიმართა შრომით დავებზე მოსამართლეების გამოყოფის საკითხზე, თუმცა, არანაირი პასუხი არ მიუღიათ.

„ერთი შემთხვევა იყო, ჩვენ მივმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რადგან ოთხი მოსამართლე გამოყვეს კომერციულ დავებზე, შრომით დავებზე ორი მაინც გამოეყოთ, რაც მსგავსი ტიპის დავებზე გადაწყვეტილებების მიღებას დააჩქარებდა, მაგრამ როდესაც მივმართეთ ფრაქციამ, იქიდან პასუხიც არ მიგვიღია, შემდეგ პირად საუბარში ვკითხე ნინო გვენეტაძეს და მიპასუხა, არ ვიციო. მივხვდი,  რომ მთლად კომფორტულად არ გრძნობდა თავს იმ ადგილას, სადაც იყო. ამ პატარა შეხვედრამ ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება დატოვა“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ბექა ნაცვლიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს უარყოფითად აფასებს.

„ძალიან უარყოფითია ჩემი შეფასება, მაგრამ რა წვლილი აქვს ნინო გვენეტაძეს ამაში, ხელეწიფებოდა თუ არა ამ მდგომარეობის გამოსწორება მას და ასე შემდეგ, ამაზე მსჯელობა ცოტა  რთულია ჩემთვის“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.