ბექა ნაცვლიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ სურდათ, ძალადობაზე წამოეკიდებინათ მთავრობა
ბექა ნაცვლიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ სურდათ, ძალადობაზე წამოეკიდებინათ მთავრობა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროცესის დისკრედიტება მოახერხა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლას „საკუთარი ტაქტიკით“ აპირებს.

„ოპოზიციის ნაწილი სხვა ტაქტიკით ვაპირებთ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლას. არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც უნდათ რიგგარეშე არჩევნები, არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ სჭირდებათ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ უნდათ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება. მე, მაგალითად, მირჩევნია, რომ არ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და პროპორციული სისტემით ჩატარდეს თავის დროზე. რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ ორ ძალას აწყობს, ან კიდევ შეიძლება ახალ პოლიტიკურ ძალას „ლელოს“ აძლევდეს ხელს. ის, რომ პროპორციულ არჩევნებზე არ გადავედით, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ ეს პროცესი არ არის დასრულებული და ჯერ არავინ არ ვიცით, გადავალთ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე. ის, რომ ვთქვათ, რიგი პოლიტიკური ძალები არ ვდგავართ რუსთაველზე, არ ნიშნავს, გულხელდაკრეფილი ვართ. გულწრფელად რომ გითხრათ, მე რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ და იქ რაღაცა უცნაური წარმონაქმნ პარტიებთან ერთად ამ პროცესებში მონაწილეობა მივიღო, გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, სხვა ტაქტიკებიც არსებობს. ჩემს მოქმედებებს რაც შეეხება, ძალიან მალე გახდება ცნობილი. იმედია, რომ საპარლამენტო ფორმატშიც გადმოვა ეს ყველაფერი, მაგრამ პარლამენტს გარეთაც უნდა გაგრძელდეს მოძრაობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. დღეს ეს პროცესი არის დისკრედიტებული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ამ პროცესის დისკრედიტება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ სურდათ, ხელისუფლება პროვოკაციაზე  წამოეკიდებინათ.

„განსაკუთრებით ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წესი, მთელი აზრი კი ის არის, რომ ძალადობაზე წამოიკიდონ მთავრობა და, შესაბამისად, ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდეთ იმისა, რომ დაამხონ. კარგია, რომ ამ პროცესებში არ შევიდა მთავრობა. ხალხს სჭირდება სტაბილურობა, მაგრამ ის, რომ პარლამენტის შესასვლელი პოლიციური ძალით გაიწმინდა, არ ნიშნავს, რომ პროტესტი არ გაგრძელდება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დატოვე კომენტარი