ბექა ნაცვლიშვილი - მიგრაციას ხელს არ უნდა ვუწყობდეთ
ბექა ნაცვლიშვილი - მიგრაციას ხელს არ უნდა ვუწყობდეთ

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი მიგრაციის პროცესის შეჩერების ერთ-ერთ წინაპირობად სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებაში ძირეული რეფორმების გატარებას ასახელებს.

პირველ არხთან საუბარში ბექა ნაცვლიშვილი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შესაძლო გამკაცრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიგრაციას ხელს არ უნდა უწყობდნენ და ამ პროცესს უნდა აკავებდნენ იმით, რომ ქვეყანა სრულფასოვან ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას აწარმოებდეს.

„თუ გვინდა, ვიზა ლიბერალიზაციით მონიჭებული უფლებები გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირთან შეთანხმებით მოენიჭათ, მაშინ საზოგადოებრივი წესრიგი ძირეულად უნდა გარდავქმნათ, რაც სწორედ ისეთი კანონების მიღებას გულისხმობს, როგორიცაა შრომის უსაფრთხოების კანონი, სადაც ადამიანები სამუშაო ადგილზე დაცული იქნებიან. სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაში სახელმწიფო ხარჯების გაზრდა უნდა მოხდეს. ეს იქნება რეალური შემაჩერებელი იმისა, რომ ადამიანები ქვეყანას დატოვებენ, უცხო ქვეყნებში წავლენ და იმისათვის, რომ იმ ქვეყანაში თავი გადაირჩინონ, კრიმინალს ჩაიდენენ. რაღაც ცვლილება შეიძლება შეიტანონ და ეს პროცესი ნაწილობრივ შეაჩეროს, მაგრამ მთავარი იქნება ძირეული რეფორმების განხორციელება სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. რაც შეეხება ცირკულარული მიგრაციას, ამის მაგალითი საბერძენთთან გვაქვს, როცა ჩვენი ელჩი მოლაპარაკებას აწარმოებდა, რომ ადამიანები ფორმალურ სამუშაოებში ჩართულიყვნენ და მოკლევადიანი სამუშაო უფლებები მიეღოთ. ამაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ ჩვენ მიგრაციას ხელს არ უნდა ვუწყობდეთ და მიგრაციას უნდა ვაკავებდეთ იმით, რომ სრულფასოვან ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას ვაწარმოებდეთ. ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯია გაადგმული, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის, რომ ჩვენი მოქალაქეები აქ დაკავდნენ, საკუთარ ქვეყანაში დარჩნენ და სოციალურ-კულტურული გარემო არ შეიცვალონ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ძალოვანი მინისტრებისა და იუსტიციის მინისტრის მონაწილეობით დღეს საგანგებო თათბირი გამართა, სადაც აღინიშნა, რომ მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარდგენილი იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებს დაეკისრებათ, ხოლო გვარის შეცვლის პროცედურები გამკაცრდება.

მთავრობის ხელმძღვანელის მიერ გამართულ თათბირს წინ გერმანული WDR-ის ინფორმაციას უსწრებდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ლობირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ითხოვს. გერმანული მედია წერს, რომ ფედერალური მიწის მთავრობის უკმაყოფილებას საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძლიებლების რაოდენობის ზრდა იწვევს. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრმა, იოახიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების კამპანია უკვე წამოიწყო.