ბექა ნაცვლიშვილი - ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სასამართლო ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" გავლენის ჩაბეტონება იქნება
ბექა ნაცვლიშვილი - ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სასამართლო ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" გავლენის ჩაბეტონება იქნება

ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სასამართლო ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ გავლენის ჩაბეტონება იქნება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შოთაძის მთავარი პროკურორობის დროს კონკრეტული საქმე დროებით საგამოძიებო კომისიაში გადავიდა, რაც პროკურატურის მიმართ ნდობის ნაკლებობაზე მიუთითებს.

„ირაკლი შოთაძე იყო ის მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებდა, გადმოვიდა საგამოძიებო კომისიაში. ეს მეტყველებს, რომ ამ პროკურატურის მიმართ ნდობა არ ყოფილა. „ქართული ოცნება“ აგრძელებს გავლენის ცემენტირებას სასამართლო ხელისუფლებაზე. იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას გამოიჩენენ და კრიტიკულ კითხვებს მაინც დაუსვამენ. თუ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი გახდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთხელ და სამუდამოდ „ქართული ოცნების” გავლენის ჩაბეტონება სასამართლო ხელისუფლებაზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.