ბექა ნაცვლიშვილი - იმედს გამოვთქვამთ, სოციალური მუშაკების სამართლიანი მოთხოვნები გაზიარებული იქნება
ბექა ნაცვლიშვილი - იმედს გამოვთქვამთ, სოციალური მუშაკების სამართლიანი მოთხოვნები გაზიარებული იქნება

იმედს გამოვთქვამთ, რომ სოციალური მუშაკების სამართლიანი მოთხოვნები იქნება გაზიარებული, რომ გამოსწორდეს მათი სამუშაო პირობები და მათ შეძლონ სრულფასოვნად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, დავით ჭიჭინაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ყურადღებით აკვირდებიან სოციალური მუშაკების გაფიცვის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

„მივესალმებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, აღადგინოს დიალოგის პროცესი. იმედს გამოვთქვამთ, რომ სოციალური მუშაკების სამართლიანი მოთხოვნები იქნება გაზიარებული, რომ გამოსწორდეს მათი სამუშაო პირობები და შეძლონ სრულფასოვნად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში უგულებელყოფილი იქნება არა მხოლოდ სოციალური მუშაკების საჭიროებები, არამედ იმ ოჯახებისაც, რომლებზეც ისინი ზრუნავენ. ვიმედოვნებთ, ეს პროცესი გახდება ქვეყანაში სოციალური პოლიტიკის სიღრმისეული განსჯისა და გადააზრების საფუძველი, რომ ერთხელ და სამუდამოდ სოციალური პოლიტიკა იყოს არა ჩვენი ღარიბი მოსახლეობის მინიმალურ შემწეობაზე დაფუძნებული, არამედ მათი და ოჯახების თანადგომაზე და განვითარებაზე ორიენტებული“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

250 სოციალური მუშაკიდან 180 მუშაკი 25 მარტიდან გაფიცულები არიან. გაფიცვის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისინი საპროტესტო აქციებსაც მართავენ.