ბექა ნაცვლიშვილი - გენერალური გეგმის განხილვაში ოპოზიციის მონაწილეობის მოტივაცია პოლიტიკური კარნავალის დადგმაა
ბექა ნაცვლიშვილი - გენერალური გეგმის განხილვაში ოპოზიციის მონაწილეობის მოტივაცია პოლიტიკური კარნავალის დადგმაა

თბილისის გენერალური გეგმის განხილვაში ოპოზიციის მონაწილეობის მოტივაცია არა რეალურად მოსაზრებების გამოთქმა, არამედ პოლიტიკური კარნავალის დადგმაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტში განაცხადა, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა სხვადასხვა ფორმატში გენგეგმის განხილვებს.

„გუშინდელმა განხილვამ გვაჩვენა, რომ მათ განხილვაში მონაწილეობის მოტივაცია არა რეალურად მოსაზრებების გამოთქმა, არამედ პოლიტიკური კარნავალის დადგმაა. ოპოზიციას მომავალშიც ექნება ამის შესაძლებლობა და უმჯობესი იქნება უფრო საქმიან დისკუსია გამართონ. გენერალური გეგმის პროექტს რაც შეეხება, მე გავეცანი დოკუმენტს, როცა საკრებულოს წევრი ვიყავი, ამიტომ ვიცი, რა ხარვეზებია. განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ ხარვეზს, გენგეგმა არ არის მხოლოდ და მხოლოდ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, სად რა უნდა გაშენდეს, სად სკვერი უნდა იყოს. დოკუმენტს აქვს სოციალური განზომილება, ეკონომიკური განზომილება და დოკუმენტში განსაკუთრებულ ხარვეზს წარმოადგენს ეკონომიკური თვალსაზრისით როგორ უნდა იყოს  თბილისის სივრცე ათვისებული. ჩემი აქცენტი გაკეთდება ამ საკითხზე”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დღეს პარლამენტში განიხილავენ. ქალაქის მერი და მერიის წარმომადგენლები თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომიტეტის წევრებს, პარლამენტში თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს ხვდებიან. ოპოზიცია აპროტესტებს, რომ შეხვედრაზე მათი წარმომადგენლები არ მიიწვიეს.

გუშინ, გენერალური გეგმის საჯარი განხილვას კი, დაპირისპირება მოჰყვა.