ბექა ნაცვლიშვილი - ე.წ. რეიდები კრიმინალის პრევენციის კარგი ფორმა არ არის, მაგრამ ერთ-ერთია, რაც უკიდურესობის შემთხვევაში გამოიყენება
ბექა ნაცვლიშვილი - ე.წ. რეიდები კრიმინალის პრევენციის კარგი ფორმა არ არის, მაგრამ ერთ-ერთია, რაც უკიდურესობის შემთხვევაში გამოიყენება

სპეციალური შემოწმების ოპერაცია, ე.წ. რეიდები კრიმინალის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის კარგი ფორმა არ არის, მაგრამ ეს ერთ-ერთი ფორმაა, რაც უკიდურესობის შემთხვევაში გამოიყენება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„გამოცდილება ცხადყოფს, რომ წლის ბოლოს, ახალი წლის პერიოდში კრიმინალი იმატებს ხოლმე. ასეთ დროს შესაძლოა, ეს ფორმა გამოიყენო. რა თქმა უნდა, ამას პერმანენტული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში სპეციალური შემოწმების ოპერაცია შედეგიანი და ეფექტური იყო, რასაც რეიდებისას ამოღებული კანონსაწინააღმდეგო ნივთებიც აჩვენებს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მიმოქცევაში ამ რაოდენობის იარაღი და ნარკოტიკი იქნებოდა და მისი ამოღება მოხდებოდა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, მთავარია, ნებისმიერი შემოწმების დროს გარანტირებული და დაცული იყოს ადამიანის ღირსება და უფლებები.

„ამ შემთხვევაში ოქროს შუალედი ესაა, თორემ სპეციალური შემოწმების ოპერაცია მისასალმებელი და კრიმინალთან ბრძოლის ყველაზე კარგი მექანიზმი რომ არ არის, ამას ყველა ვაღიარებთ. ამას თავად შს მინისტრიც ამბობს“, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა.

როგორც მან აღნიშნა, კრიმინალთან ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ ასე არ ხდება.

მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში კრიმინალის წინააღმდეგ არა მხოლოდ შსს, არამედ სხვა უწყებებიც, მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკა მუშაობს, რომელიც სიღარიბის, უმუშევრობისა და უთანასწორობის დაძლევას გულისხმობს.

„კრიმინალთან ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებით ხდება. სადაც ნაკლები სიღარიბე, უმუშევრობა და უთანასწორობაა, კრიმინალის მაჩვენებელი იმ ქვეყნებშია დაბალი. ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამოსწორების, პრობლემების დაძლევის გარეშე კრიმინალთან უბრალოდ, ეფექტურად ვერ ვიბრძვით, რადგან დანაშაულის ჩადენის მიზეზი ძირითადად, სწორედ ამ უთანასწორობითაა ხოლმე განპირობებული“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილმა ასევე თქვა, რომ კრიმინალის შესამცირებლად, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანა ბევრად სწრაფად უნდა განვითარდეს.

„რაც მთავარია, სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის შედეგად დაგროვილი დოვლათი უნდა გადანაწილდეს, თორემ თუ არ გადანაწილდა, ეს უთანასწორობის ზრდის ერთ–ერთი საფუძველი იქნება და შესაბამისად, იგივე მოხდება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.