ბექა ნაცვლიშვილი - ბანკების პროცენტების შემცირების სხვადასხვა გზა არსებობს, მაგრამ გააჩნია, როგორ ჩავერევით
ბექა ნაცვლიშვილი - ბანკების პროცენტების შემცირების სხვადასხვა გზა არსებობს, მაგრამ გააჩნია, როგორ ჩავერევით

ბანკების პროცენტების შემცირების სხვადასხვა გზა არსებობს, მაგრამ გააჩნია, როგორ ჩავერევით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ერთი გზაა ზღვრული საპროცენტო განაკვეთების დაწესება, რასაც მსოფლიოში ეკონომიკების განვითარების პერიოდში სახელმწიფო აწესებდა. ეს ერთ–ერთი ვარიანტია, მაგრამ დღეს უკვე პრაქტიკაში აღარ არის და ამ პირობებში რამდენად განხორციელებადია, არ ვიცი. მეორე გზაა, საბანკო სესხებზე მოთხოვნა შემცირდეს. თუ საბანკო სესხებზე მოთხოვნა შემცირდა, ანუ, ალტერნატივები გაჩნდა, ფულიც გაიაფდება და სესხიც. მესამე გზა განვითარების ეროვნული ბანკის შექმნაა, რაც მომავალში გარდაუვლად მიმაჩნია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ევროპაში და უკვე განვითარებად ქვეყნებს შორისაც არ არსებობს ქვეყანა, სადაც განვითარების ეროვნული ბანკი არ არის.

„ამის გარეშე არცერთი ქვეყანა არ განვითარებულა. თუ სახელმწიფო გარკვეულ სეგმენტებში საბანკო სექტორის ალტერნატივას შექმნის, ბანკებზე დამოკიდებულება შემცირდება, ისინი საპროცენტო განაკვეთს დაწევენ და რაღაც ბალანსს მივიღებთ. განვითარების ეროვნული ბანკი ისეთ პროექტებს დააფინანსებს, რომლებიც ბანკისთვის, მისი სწრაფი მოგების გენერირებისთვის საინტერესო არ არის“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იზიარებენ თუ არა ამ მოსაზრებას საპარლამენტო უმრავლესობაში, ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი მიდის და შესაძლოა, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიღებული იქნას.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ქვეყანას შრომაინტენსიური სექტორების დაფინანსება სჭირდება და გააჩნია, ფული ეკონომიკის რომელ სექტორში წავა.

„მაგალითად, გადამამაუშავებელი მრეწველობა გარკვეული თვალსაზრისით მარათონია, ეს არ არის სექტორი, სადაც შეიძლება, ფული ჩადო და მყისიერი მოგება მიიღო, მაგრამ აქ ღირებულების ჯაჭვია, რომელიც უნდა ააწყო და მოგება მერე ნახო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესია, შესაძლოა, ბანკს გადამამაუშავებელ მრეწველობაში ფულის ჩადების ინტერესი არ ჰქონდეს, მაგრამ ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. ბანკები და ეკონომიკა რად გვინდა, თუ ხელს დასაქმებას არ ვუწყობთ?! დასაქმებისთვის კი, გადამამუშავებელ მრეწველობაზე უფრო მიმზიდველი სექტორი არ არსებობს, რადგან აქ ერთ–ერთი ყველაზე მაღალი დამატებითი ღირებულება იქმნება და ყველაზე მეტი ადამიანი საქმდება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.