ბექა მინდიაშვილი - „კავკასიური სახლი“ „თავისუფლების ინსტიტუტთან“ ერთად დაჯილდოვდა, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ნაირა გელაშვილს ჯილდო მაშინ დაებრუნებინა
ბექა მინდიაშვილი - „კავკასიური სახლი“ „თავისუფლების ინსტიტუტთან“ ერთად დაჯილდოვდა, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ნაირა გელაშვილს ჯილდო მაშინ დაებრუნებინა

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო გადაწყვეტილებას ომბუდსმენისგან დამოუკიდებლად იღებს, – ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარემ, ბექა მინდიაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ჯილდოს გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას საბჭოში შემავალი 32-მდე რელიგიური გაერთიანება იღებს, კრიტერიუმი კი რელიგიური თავისუფლების დაცვისა და დამკვიდრებისთვის შეტანილი წვლილია.

„წელს ხმები ხათუნა სამნიძესა და გიგა ბოკერიას შორის თანაბრად გაიყო და საბჭომ გადაწყვიტა ორივეს დაჯილდოება“, – ამბობს ბექა მინდიაშვილი.

მისივე განმარტებით, სხდომას 22 რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი ესწრებოდა, სამნიძემ და ბოკერიამ კი 8-8 ხმა მიიღეს. მინდიაშვილი ორივე კანდიდატის დაჯილდოებას სამართლიანად მიიჩნევს.

რაც შეეხება ნაირა გელაშვილის გადაწყვეტილებას, ბექა მინდიაშვილის აზრით, ლოგიკური იქნებოდა, გელაშვილს ჯილდო 2010 წელსვე დაებრუნებინა.

„2010 წელს კავკასიურმა სახლმა ეს ჯილდო მიიღო „თავისუფლების ინსტიტუტთან“ ერთად. შესაბამისად, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ჯილდო მაშინ დაებრუნებინა“, – აცხადებს მინდიაშვილი.

შეგახსენებთ, მწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო დაუბრუნა.