ბექა ლილუაშვილმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა - მინდა მოგიწოდოთ, თავი დაანებოთ ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებას
ბექა ლილუაშვილმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა - მინდა მოგიწოდოთ, თავი დაანებოთ ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებას

მინდა მოგიწოდოთ, თავი დაანებოთ ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებას. მინდა, მოახერხოთ და გაიაზროთ, როგორ სახელმწიფოს აშენებს დღეს „ქართული ოცნება“. რა ჰქვია სახელმწიფოს, სადაც ფაქტობრივად მოშლილია ყველა ინსტიტუტი, რა ჰქვია სახელმწიფოს, სადაც მმართველი პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია, მხოლოდ ტყუილით პასუხობს საერთაშორისო პარტნიორებს, მხოლოდ სიძულვილით მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ – ეს არის ტყუილი და სიძულვილი. სამწუხაროდ, ეს დარჩა დღეს მხოლოდ „ქართული ოცნებისგან“. ყველა მიღწევა, რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მივაღწიეთ, აღარ არსებობს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე მიუთითებენ საერთაშორისო პარტნიორები, რომელსაც ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ინდივიდებს ეძახის.

„ვინ არის ცალკეული ინდივიდი, ევროკავშირის ელჩი? რომელიც ამბობს, რომ სასამართლოს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იყო მხოლოდ და მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და არ გაზარდა ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა?! როდესაც ის ამბობს, რომ 2021 წლის არჩევნები ეს იყო გამოუყენებელი შესაძლებლობა, ტყუილების, ძალადობის, პოლიტიკური ზეწოლების ის ნიაღვარი, რომელიც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიმდინარეობდა წინასაარჩევნოდ მხოლოდ და მხოლოდ ამტკიცებს, რომ ძველი, „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი საშუალებები თქვენთვისაც ამართლებს იმავე მიზანს – რომ შეინარჩუნოთ ძალაუფლება, განახორციელოთ რევანში და ამ ყველაფრის ერთადერთი შედეგი არის მხოლოდ და მხოლოდ ის რომ, რაც შეიძლება დიდხანს გაიხანგრძლივოთ ის ძალაუფლება, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. თქვენ არ გაინტერესებთ, რა არის ამ ძალაუფლების შენარჩუნების შედეგი. ეს ნიაღვარი გრძელდება დღესაც, ზეწოლა, მუქარა, ტერორი, ყველა მეწარმის, ადამიანის მიმართ, ვინც გამოიჩენს ჩვენი მხარდაჭერის ნიშანს, ფინანსური პოლიცია იქნება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ პოლიცია, ქვეყანაში, რომლის მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია, ამ ინსტიტუტების რესურსი სრულად მომართულია დაშინებაზე და პოლიტიკურ ტერორზე ჩვენი მხარდამჭერი ადამიანების მიმართ. როდესაც ადამიანები, ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხმა უნდა მისცენ ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში, გამოდიან და ამბობენ, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში, საქართველო დგას დღეს ყველაზე უკან ევროკავშირთან მიმავალ გზაზე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. როდესაც მოქალაქე, რომელმაც საერთოდ დაკარგა დღეს რწმენა ხელისუფლების მიმართ, რომელიც თქვენ დაივიწყეთ და ცდილობს, ერთი მხრივ, ფიზიკურად გადარჩეს მისი ოჯახი კოვიდპანდემიისგან და მეორე მხრივ, ცდილობს, გადარჩეს სიღატაკისგან ვფიქრობ, ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენ მოახერხეთ და დაამარცხეთ ქართული სახელმწიფო და ამ ქვეყნის მოქალაქეები. ეს არის ის რეალობა, რომელსაც თქვენ დაინახავთ თუკი ორი წუთით მორჩებით ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებას და შეხედავთ იმ სახელმწიფოს, რომელიც თქვენ დაამარცხეთ, თუმცა თქვენ ვერ დაამარცხებთ ამ სახელმწიფოს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.