ბექა ლილუაშვილი - ვინმეს თუ ჰგონია, რომ დაიღლებიან ახალგაზრდები, თანამებრძოლები და საქართველოს მოქალაქეებს დაათმენინებენ ამ კონსტიტუციის ღალატს, ძალიან ცდება, ამიტომ ეს პროტესტი გაგრძელდება
გუშინ ადრე დაიწყო საპოლიციო მოქმედებები. ვნახეთ, როგორ ხდება მშვიდობიანი აქციის დარბევა. დარბევა არა მხოლოდ ადგილის გათავისუფლების გამო, არამედ როგორ ხდება შემდეგ მდევარივით გაკიდება თითოეულ მომიტინგეზე, მათ შორის, დაკავებები, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, დაკავებული არიან „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრები და მხარდამჭერები, რომლების ადგილსამყოფელსაც არკვევენ.
„ეს არის ბრძოლა ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააჩაღა და რომელშიც იყენებს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. მე დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს ხშირად საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უწევთ მოქმედება იმ უკანონო ბრძანებების შესრულებისას, რასაც აქვს ადგილი. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ახალგაზრდები ან მე, ან ჩემი მეგობრები, თანამებრძოლები დავიღლებით და ამით ვითარებას, იმას, რომ ცდილობენ, ქვეყანას მოჰპარონ ევროპული მომავალი, გააკონტროლებენ, საქართველოს მოქალაქეებს დაათმენინებენ კონსტიტუციის ამ ღალატს, ძალიან ცდება ყველა. ამიტომ ეს პროტესტი გაგრძელდება.
როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, მოვუწოდებთ ყველას, რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებით და ჩვენ ყოველთვის ამისკენ ვართ მოწოდებული. ეს პროცესი არ არის მხოლოდ თბილისის ექსკლუზივი, ეს საპროტესტო მუხტი არის საქართველოს თითქმუს ყველა მსხვილ ქალაქში და ეს მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ის წარმოადგენს ხალხს, უნდა წარმოადგენდეს ხალხს და არა მათი ნების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამდეს. მათ მოუწევთ უკან დახევა, განსაკუთრებით იმ საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.