ბექა ლილუაშვილი - უნდა შევძლოთ, რომ საარჩევნო წელს კერძო სექტორს სტაბილურობის განცდა გაუჩნდეს და ინვესტიციები განახორციელოს
ბექა ლილუაშვილი - უნდა შევძლოთ, რომ საარჩევნო წელს კერძო სექტორს სტაბილურობის განცდა გაუჩნდეს და ინვესტიციები განახორციელოს

წლევანდელ საარჩევნო წელს უნდა შევძლოთ, რომ კერძო სექტორს სტაბილურობის განცდა გაუჩნდეს და ინვესტიციები განახორციელოს, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და მთავრობის სამოქმედო გეგმა განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ წელს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოსალოდნელია, კერძო სექტორმა აქტივობა შეამციროს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ბიზნესს არჩევნების გამო არასტაბილურობის განცდა არ გაუჩნდეს.

„ჩვენი ხედვა ასეთია: იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ინვესტიციების განხორციელებისთვის გზა გავხსნათ, ანუ კერძო სექტორში სტაბილურობის აღქმა შევიტანოთ. იმიტომ, რომ საარჩევნო წელს მსგავსი აღქმა კერძო სექტორში ჭირს ხოლმე, რათა კერძო სექტორმა მეტი ინვესტიცია განახორციელოს და მეტი სამუშაო ადგილი შექმნას. ვსაუბრობ არა მხოლოდ ადგილობრივ კერძო სექტორზე, არამედ ქვეყნის გარეთაც და ზოგადად ბიზნესგარემოს მიმართულებით. რამდენიმე საკითხს ჩამოვთვლი, რაც ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია: პირველ რიგში, ბუნებრივია, რომ არავინ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს საინვესტიციო გარემოს განვითარებას. ახლახან დავოსში შევხვდით ინვესტორებს. „თრეის ინტერნეიშნალის“ [TRACE International – კორუფციის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია] ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც რეკეტის რისკების მაჩვენებელს შეეხება, საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზეა, ევროპაში კი მე-18 ადგილზე. იმ კომპონენტში კი, რომელიც ამ მიმართულებით მთავრობის ჩართულობას ეხება, ევროპაში მეექვსე თუ მერვე ადგილზე ვართ. საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია. ეს ზოგადი ბიზნესგარემოს კუთხით. რაც შეხება კონკრეტულ ინიციატივებს ამ ჭრილში, მთავრობის ხედვა არის შემდეგი: რაც შეიძლება ჩავრთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში ის რესურსები, რაც აქამდე ნაკლებად გამოყენებული ან გამოუყენებელი იყო. ასეთია, მაგალითად, „100 საინვესტიციო პროექტი ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გამოიტანა. ის მუდმივად ხელმისაწვდომია და ბიზნესს შეუძლია, ინვესტიცია განახორციელოს. ეს ეკონომიკას აუქციონის წესით მიეწოდება. გარდა ამისა, ახლახან წამოწყებული ინიციატივა, რომელიც გასაშვებად ფაქტობრივად მზადაა, უკვე აღნიშნული 100 პროექტის მსგავსად, არის 100 წიაღისეული ბიზნესისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაკროეკონომიკური ფისკალური სტაბილურობის ფონზე, რაც შეიძლება წავახალისოთ ინვესტიციები არა მხოლოდ რეალურ სექტორში, ანუ ტრადიციულ საინვესტიციო მიმართულებებში,  არამედ პორტფელური კუთხითაც ფასიანი ქაღალდების თვალსაზრისით. ეს ფინანსებზე წვდომის დამატებით შესაძლებლობას შექმნის და არის სტიმული, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ბაზარი განვითარდეს“, – განუცხადა ლილუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.