ბექა ლილუაშვილი - სამწუხაროდ, მაქვს მოლოდინი, რომ რობინ დანიგანსაც ისეთივე განწყობით დახვდება საქართველოს ხელისუფლება, როგორც იქცევა მოქმედ ელჩთან მიმართებაში
ბექა ლილუაშვილი - სამწუხაროდ, მაქვს მოლოდინი, რომ რობინ დანიგანსაც ისეთივე განწყობით დახვდება საქართველოს ხელისუფლება, როგორც იქცევა მოქმედ ელჩთან მიმართებაში

სამწუხაროდ, მაქვს მოლოდინი, რომ დანიგანსაც ისეთივე განწყობით დახვდება საქართველოს ხელისუფლება, როგორც დღეს იქცევა მოქმედ ელჩთან მიმართებაში და პირდაპირ შტურმზე გადავა, – ამის შესსახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშილს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის, რობინ დანიგანის გუშინდელ განცხადებებზე.

„დანიგანი არის საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი. მას ძალიან კარგად ესმის საქართველოს კონტექსტი, მათ შორის, გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ კიდევ ინფორმირებულობის პრობლემას არ დაასახელებს. მომავალი ელჩი საუბრობს, როგორ შეიძლება, გაღრმავდეს პოლიტიკური და ეკინომიკური ურთიერთობები, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა თუ ამერიკასთან პირდაპირი ფრენები, მაშინ, როდესაც, მეორე მხრივ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთთან გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერთობები. სამწუხაროდ, მაქვს მოლოდინი, რომ დანიგანსაც ისეთივე განწყობით დახვდება საქართველოს ხელისუფლება, როგორც დღეს იქცევა მოქმედ ელჩთან მიმართებით და პირდაპირ შტურმზე გადავა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მხარი დავუჭიროთ ამერიკის მომავალ ელჩს. მომავალი ელჩი სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო, შესაბამისად, ძალიან კარგად იცნობს, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს. ბოლო ანგარიში შემაშფოთებელია და უკიდურესად მძიმე ანგარიში იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. შესაბამისად, ცხადია, რომ მოცემულობა ძალიან მძიმეა, ამერიკის მომავალ ელჩს სერიოზული მუშაობა, ძალიან დიდი მოთმინებისა და სულგრძელობის გამოჩენა მოუწევს ქართულ მხარესთან ურთიერთობის დროს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გამოეხმაურა ელჩობის კანდიდატის იმ განცხადებას, რომ  საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და აშშ-ის მიმართეს ტრენინგებისთვის.

„ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი ძალიან დაბნეული იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ერთ დღეს იძახიან, რომ სანქციებს არ შეუერთდებიან, პრემიერ-მინისტრის განცხადებას გაგახსენებთ. მეორე დღეს კი გამოდიან, მაგალითად, პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოხსენებას გაგახსენებთ და ამბობენ, რომ თურმე სავაჭრო სანქციებზე მიერთებული ვართ და რაღაც კონკრეტული შემთხვევები იდენტიფიცირებულია. იმდენად არეული „მესიჯბოქსი“ მიდის და ხელისუფლება იმდენად დაბნეულია შიდა და გარე პოლიტიკური გზავნილების სწორად დალაგებაში, რომ არ მიკვირს, თვითონაც დაიბნენ ამ პროცესში და ახლა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უწევთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.