ბექა ლილუაშვილი - სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართების 30 პროცენტს თუ კომპანია ვერ გაყიდის, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს
ბექა ლილუაშვილი - სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართების 30 პროცენტს თუ კომპანია ვერ გაყიდის, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს

ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართების 30 პროცენტს ვერ გაყიდის, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს, შემდეგ ეს ბინები ასევე გამოყენებული იქნება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში.

„ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს იმისა, რომ სამშენებლო სექტორში კრიზისების დროს პრობლემაა მიმდინარე მშენებლობის დასრულება. ამ რისკების ზრდა ნიშნავს, რომ სექტორში დასაქმებული ადამიანები სამშენებლო კომპანიამ უნდა გაუშვას სამსახურიდან. ასევე ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეძენილი აქვს უძრავი ქონება, რომელიც მშენებლობის პროცესშია, ისინი დაკარგავენ იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გადაიხადეს ამ ბინის შეძენისთვის და ჩვენ დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებული ადამიანები და სახელმწიფო დღემდე აგრძელებს ამ ადამიანებზე ზრუნვას. სწორედ იმისთვის, რომ მიმდინარე კრიზისის პერიოდში მსგავსი რისკები დავაზღვიოთ, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის დაახლოებით 200 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამა, რომელიც ეუბნება მშენებელს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართების 30 პროცენტს თქვენ ვერ გაყიდით თავისუფალ ბაზარზე, ანუ ვერ მოახდენთ მის რეალიზაციას, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს, შემდეგ ეს ბინები ასევე გამოყენებული იქნება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში. ეს არის გარანტია, რომელიც საშუალებას აძლევს ერთი მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა და შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები,შემოსავლის წყარო და მეორე მხრივ, სექტორს აძლევს გარანტიას, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს სამშენებლო ფართების 30 პროცენტის რეალიზაციას სახელმწიფოზე, შესაბამისად, მას უადვილდება ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რათა სექტორმა გააგრძელოს შეუფერხებლად მუშაობა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.