ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფოს მხრიდან ანალიზის ჩატარებამდე, შემოსავლის გარეშე დარჩენილთა დახმარებაზე საჯაროდ საუბარი უპასუხისმგებლობა იქნება
ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფოს მხრიდან ანალიზის ჩატარებამდე, შემოსავლის გარეშე დარჩენილთა დახმარებაზე საჯაროდ საუბარი უპასუხისმგებლობა იქნება

სახელმწიფოს მხრიდან სრულფასოვანი ანალიზის ჩატარებამდე შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებაზე საჯაროდ საუბარი უპასუხისმგებლო საქციელია, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ ინიცირებული საკრედიტო-საგარანტიო სქემების საკითხი განიხილეს, რომელზეც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები უკვე მუშაობენ.

გადაცემის მსვლელობისას ლილუაშვილმა სახელმწიფო მიერ კორონავირუსის დასაძლევად შემუშავებული ორი მილიარდი ლარის მოცულობის ბიზნესისა და მოქალაქეების დახმარების პაკეტიც მიმოიხილა, საიდანაც ერთი მილიარდი მთავრობამ ეპიდემიის პრევენციის ეტაპზე გამოყო ყველაზე მოწყვლადი ბიზნესის დახმარების მიზნით. კიდევ ერთი მილიარდი ეპიდემიის გავრცელებასთან ერთად მიმდინარე დღეებში დაემატა და ძირითადად, მოქალაქეთა სოციალურ დახმარებაზეა ორიენტირებული.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, როდის და როგორ აპირებს მთავრობა კრიზისის შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისა და თვითდასაქმებულებისთვის შემწეობის აღმოჩენას. პრემიერის მრჩევლის განმარტებით, გარკვეული მონახაზი უკვე არსებობს, მაგრამ სრულფასოვანი ოფიციალური ანალიზის ჩატარებამდე დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„რა თქმა უნდა, გვაქვს ამის მონახაზი და შემუშავებულია ინსტრუმენტებიც. უბრალოდ, აქ საკითხი დგას შემდეგნაირად: პასუხისმგებლობის რაციონალურ ფარგლებში რომ დავრჩეთ, ძალიან უპასუხისმგებლო იქნება ახლა რამე კონკრეტული ციფრის ან რაოდენობის დასახელება ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე – სანამ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები არ დაასრულებენ პრობლემის ანალიზს, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული ბიზნესპროცესების დასრულებასთან, როგორიც არის, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ფორმალური დეკლარაციების წარდგენა ფინანსთა სამინისტროში, ეს არის ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო, სანამ არ მოხდება სრულფასოვანი ანალიზი იმისა, თუ რამდენი ადამიანი დარჩა სამუშაოს გარეშე, რა არის პრობლემის ხარისხი, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ და როგორ მოვახდინოთ ამ ადამიანების სწორი მიზნობრივი დახმარება, ამაზე საჯაროდ საუბარი არის უპასუხისმგებლო საქციელი“, – განუცხადა ბექა ლილუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.