ბექა ლილუაშვილი - საგზაო უსაფრთხოების სფეროში არც ერთ ქვეყანას არ მიუღწევია წარმატებისთვის სანქციების გაზრდის გარეშე
ბექა ლილუაშვილი - საგზაო უსაფრთხოების სფეროში არც ერთ ქვეყანას არ მიუღწევია წარმატებისთვის სანქციების გაზრდის გარეშე

შსს-მ აღსრულების საკითხებთან მიმართებით 2018 წლის დასაწყისიდან კომპლექსური მიდგომა დაიწყო, – ამის შესახებ შსს-ს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა, ბექა ლილუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პირველ რიგში, ჩვენ გვქონდა ინფორმაციის პრობლემა. ფაქტობრივად, არ არსებობდა სტატისტიკური ინფორმაცია, მაგალითად, რა ხელშემწყობი გარემოებები არსებობდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე; იყო არასაკმარისი განათება, დავუშვათ, სველი იყო გზის საფარი და ა.შ. ინფორმაციის ნაწილში დეტალური მიზეზების აღწერა არ იყო და ამის შექმნა ახლა დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, ინფორმაციის მიმართულება მოწესრიგების პროცესშია და ვითარდება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, შემდეგ ეტაპზე მიიღეს გადაწყვეტილება, ვიდეოკამერები დამონტაჟებულიყო, რადგან შეუძლებელია, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასა და დარღვევაზე მოახდინონ რეაგირება.

„მოგეხსენებათ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს რეაგირება გასაკეთებელი აქვთ გამოძახებებზე, შესწრებულ დანაშაულზე და ა.შ. ამიტომ, უბრალოდ, შეუძლებელია, ეს ძალა და რესურსი დარღვევების პროპორციული იყოს. მაგალითად, 2018 წელს 1 400 000 მხოლოდ ვიდეო ჯარიმა დაფიქსირდა. ანუ, საშუალოდ რომ ვთქვათ, საგზაო მოძრაობის წესი ყველა მძღოლმა მინიმუმ, ერთხელ მაინც დაარღვია. ეს მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, შემდეგი ეტაპი საპოლიციო ინფრასტრუქტურა იყო, პროცესში ჩაერთო ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო მიდგომები, დაიწყო ფარული პატრულირების პროცესი, რაც დღეს უკვე გაორმაგებული რესურსით ხორციელდება და დაინერგა სექციური სიჩქარის მზომი საშუალებები.

მისი თქმით, შსს-მ შექმნა წინაპირობა იმისთვის, რომ ზუსტად განსაზღვრულიყო, სად არის საჭირო საკანონმდებლო სივრცის შევსება, შემდეგი ეტაპი კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პაკეტის ინიცირებაა.

„პირველი, რაც უკვე დღეს მოქმედებს, არის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. დაახლოებით, 15% შემთხვევებში ავარიებისა, რომელსაც სხეულის დაზიანება ან გარდაცვალება მოჰყვა, მიზეზი ავტომობილის გაუმართაობა იყო. საერთაშორისო დონეზე არსებობს რამდენიმე წარმატებული მაგალითი, როდესაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიეს და არც ერთი ეს წარმატება მკაცრი, თუმცა, თანაბარზომიერი და ეტაპობრივი პოლიტიკის გარეშე არ მომხდარა. ანუ, ამ სფეროში არც ერთ ქვეყანას არ მიუღწევია წარმატებისთვის სანქციების გაზრდის, ადმინისტრირების ხარისხის გაზრდისა და ეფექტიანობის გარეშე“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია, საქართველოში სანქციების მიმართულებით არსებული ზღვარი, პოლიტიკა და მათ შორის, რიგ შემთხვევებში, მიდგომები გადაიხედოს.