ბექა ლილუაშვილი - საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, პანდემიის პერიოდში, ფისკალური პოლიტიკა იყო ძალიან სწორი და დროული
ბექა ლილუაშვილი - საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, პანდემიის პერიოდში, ფისკალური პოლიტიკა იყო ძალიან სწორი და დროული

განსაკუთრებული აქცენტი დაისვა, რომ პანდემიის პერიოდში ფისკალური პოლიტიკა იყო ძალიან სწორი და დროული, ის ღონისძიებები, რომელიც მთავრობამ გაატარა პანდემიით დაზარალებული ადამიანებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად იყო საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და მასშტაბური ქვეყნის რესურსებთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტები განაგრძობენ საქართველოს მთავრობის კონსულტირებას პოსტპანდემიური ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით.

„გვქონდა მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ეკონომიკური ექსპერტები, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები. ამ შეხვედრაზე განვიხილეთ ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რაც ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც პანდემიის მიმდინარეობის პერიოდში, ასევე მომდევნო ღონისძიებები და რეკომენდაციები მათი მხრიდან. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ფისკალური პოლიტიკის მომავალ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ქვეყნის წინაშე სხვადასხვა გამოწვევა არსებობს და ამას სჭირდება მკაფიო და მძლავრი პასუხები. მათი მხრიდან დაისვა აქცენტები,  რომ საკმაოდ მცირდება ქვეყნის ფისკალური სივრცე იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ფისკალური მხარდაჭერის ღონისძიებები მომავალშიც განხორციელდეს. შესაბამისად, ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ ორიენტიერებული იმაზე, რომ ჩვენი მხარდაჭერის ღონისძიებები იყოს მიზნობრივი და სოციალურად ორიენტირებული“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საუბარი შეეხო, თუ რამდენად არსებობს ფისკალური სივრცე იმისთვის, რომ მოხდეს მიმდინარე ხარჯების შემცირება.

„ექსპერტების მიერ აღინიშნა ისიც, რომ საქართველოში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები   საკმაოდ დაბალია სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, აქ რაიმე არსებითი სივრცე დარჩენილი არ არის. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოს ბიუჯეტში უკვე განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები და მოხდა მიმდინარე ხარჯების შემცირება. მთავარი ორიენტირი, რაც მათ მიერ იქნა დასმული არის ის, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ყველა ის რეფორმა, რომელსაც ახორციელებს და უნდა იფიქროს, ჰორიზონტალური მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა მოვახდინოთ კერძო სექტორის მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, შეხვედრის დროს ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არის ძალიან დაბალი სხვა ქვეყნებთან შედარებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში საგადასახდო ტვირთი არის ძალიან დაბალი.

„ვისაუბრეთ ინვესტიციების მხარდაჭერის მიმართულებაზეც და აღვნიშნეთ,  მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო პოლიტიკა და საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება, ზოგადად, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, საქართველოს შემთხვევაში, ეს ნაკლებად რელევანტურია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს ისედაც დაბალი საგადასახდო ტვირთი“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

დატოვე კომენტარი