ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ მხრიდან რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება თუ არსებობს, მაგიდაზე უდევთ, მათ შორის, ჩვენი სამოქმედო გეგმა, გადავიდნენ საქმის კეთებაზე
ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ მხრიდან რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება თუ არსებობს, მაგიდაზე უდევთ, მათ შორის, ჩვენი სამოქმედო გეგმა, გადავიდნენ საქმის კეთებაზე

„ქართული ოცნების“ მხრიდან რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება თუ არსებობს, მაგიდაზე უდევთ, მათ შორის, ჩვენი სამოქმედო გეგმა, გადავიდნენ საქმის კეთებაზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს.

ბექა ლილუაშვილის შეფასებით, დღევანდელი „შეხვედრა შეხვედრისთვის არის გაკეთებული“.

„ყველაზე პრობლემური ის არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ხელისუფლება აკარგვინებს დროს. რამდენი ხანი დავკარგეთ მოქალაქეებმა ყველა იმ სიკეთის მიღების ნაწილში, რაც უკავშირდება სწრაფად მოლაპარაკებების დაწყებას და ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას. მაგალითად, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელისუფლება თავისივე განცხადებების ტყვე გახდა. ხომ ამბობენ, ფორმალურია და არავითარი მონეტარული, ფინანსური სარგებელი არ მოჰყვებაო. ახლა სერიოზულ ფონდებზე უნდა იყოს დაწყებული მუშაობა, რათა ფული მოიზიდონ. არავინ დგამს ამ ნაბიჯებს, რადგან შემდეგ მოუწევთ უარის თქმა თავიანთ განცხადებებზე.

რაც შეეხება შინაარსობრივად საქმის კეთებას, რეკომენდაციების შესრულებას, არ ვიცი, ასეთი შეხვედრებით რა უნარი უნდა გამონახოს ან რა პოლიტიკური პოზიცია უნდა დააფიქსიროს ხელისუფლებამ, რომ ამ ხალხს დრო არ დააკარგვინოს. ამის უნარი, რესურსი არ აქვთ. ივანიშვილის გამოსვლამ დაადასტურა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გამართვას კი არა, ერთი კაცის მმართველობაზე უნდა გადაიყვანოს უკვე ფორმალურადაც ქვეყანა. კორუფციას ინსტიტუტმა კი არა, თურმე ხელისუფლებამ უნდა ებრძოლოს, გადაწყვეტილებები ივანიშვილმა უნდა მიიღოს. ახალ წინახაზს ალაგებს. სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, მაგრამ, დიდი ალბათობით, რაღაც პოზიციების ცვლილება იქნება. ეს შეხვედრა გააკეთეს შეხვედრისთვის. რეალურად, რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, უამრავი, მათ შორის ჩვენი სამოქმედო გეგმა, მაგიდაზე უდევთ, ისევე როგორც ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის არაერთი შეფასება, გადავიდნენ საქმის კეთებაზე. არ გადადიან, უბრალოდ, არ აინტერესებთ შედეგის მიღება. ჩვენ დავიმახსოვროთ ეს დღე, რამდენად ხეირიანად გამოიყენებს ხელისუფლება სწორედ იმას, რომ „ლელო“ არ არის შეხვედრაზე. ჩვენ წინა ჯერზეც ვიყავით მონაწილეები სამუშაო ჯგუფებში და ვამბობდით, რომ ხელისუფლებას არ მივცემთ საფუძველს, ხელი გამოიშვიროს და თქვას, რომ ვინმე არ ესწრებოდა ამ შეხვედრას. მოვუწოდებდით ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ ვისურვებდით მათ დასწრებას, მათ შორის, ამ შეხვედრაზეც. დაიმახსოვრეთ ეს დღე, რამდენჯერ გამოიყენებს ხელისუფლება ამ სულელურ გადაწყვეტილებას, რომელიც „ლელომ“ მიიღო არდასწრებასთან დაკავშირებით“, – განუცხადა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს.