ბექა ლილუაშვილი - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გაითვალისწინოს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით
ბექა ლილუაშვილი - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გაითვალისწინოს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტი და რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი შემფასებელთა „შეშფოთებას“ იწვევს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცვლილებები არ ითვალისწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას.

„როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო სისტემის არსებითი გაუმჯობესება შემდეგი არჩევნების სამართლიან, დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩასატარებლად, წარმოადგენს ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას. ჩვენთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ამგვარად ჩატარებული არჩევნები წარმოადგენს ხელისუფლების ლეგიტიმაციისა და დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ წყაროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უვარგისად ჩატარებული წინა არჩევნები და ხელისუფლების პირდაპირი იერიში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართულებით.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტი და რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი იწვევს შემფასებელთა „შეშფოთებას“. ცვლილებები არ ითვალისწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას და ყურადსაღებია, რომ ეს ცვლილებები არ არის შესაბამისობაში კარგ პრაქტიკასთან“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული ის პრობლემური საკითხები, რომლებიც, ფაქტობრივად, მთლიანად განსაზღვრავს შემდეგი არჩევნების მიმართ სანდოობას, მის გამჭვირვალობას. მისივე თქმით, აქცენტი დასმულია დამკვირვებელთა ფართო ჩართულობის საჭიროებაზე, რაც ლეგიტიმურობის წყაროა.

ამასთან, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებას აღარ ჰყოფნის ძალადობის, ზეწოლის, მოსყიდვის რესურსი და ახორციელებენ ცვლილებებს, რომლებიც არჩევენების გაყალბების პირდაპირ რისკებსა და მექანიზმებს შეიცავს. დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული ის პრობლემური საკითხები, რომლებიც, ფაქტობრივად, მთლიანად განსაზღვრავს შემდეგი არჩევნების მიმართ სანდოობას, მის გამჭვირვალობას. აქცენტი დასმულია დამკვირვებელთა ფართო ჩართულობის საჭიროებაზე, რაც ლეგიტიმურობის წყაროა. შემფასებელთა აზრით, არ არის უზრუნველყოფილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებისთვის სათანადო სამართლებრივი ჩარჩო, ხმების გადათვლის სათანადო მექანიზმები და მათი გამოყენების არეალი, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობის გაზრდის საკმარისი საფუძვლები. გაუგებარია არჩევენების მიმართ სანდოობის განმსაზღვრელი მოქმედი კონვენციური საშუალებების, საკონტროლო ფურცლისა და მარკირების გაუქმების საფუძვლები, არჩევნებზე დამკვირვებელთა შეზღუდვის დაწესებისთვის შემოღებული საფუძვლები და სხვა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ წარმოვადგენთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომლის მუშაობის განმავლობაში არაერთხელ მოვუწოდეთ „ქართულ ოცნებას“, ყველა საკითხთან დაკავშირებით, კანონმდებლობაში ცვლილებების ასახვა სათანადოდ მომხდარიყო, თუმცა, როგორც შემფასებლებმაც აღნიშნეს, ეს არ განხორციელდა. მოვუწოდებთ „ოცნებას“, ცვლილებების პროექტში შემფასებელთა ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს, თუ მათ რეალურად სურთ, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტოს პროცესი, რომელსაც დღეს არჩევნების გაყალბებისა და არალეგიტიმურად ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ახორციელებს“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.