ბექა ლილუაშვილი - მოვითხოვთ, ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთონ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია
ბექა ლილუაშვილი - მოვითხოვთ, ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთონ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია

პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უსწრაფესი, ობიექტური გამოძიება უნდა დაიწყოს.

ლილუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მედიასაშუალებებს მიმართა, არ მოახდინონ ისეთი ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც შეიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას.

ამასთან, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთონ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს, რაც უკავშირდება მედიაში გავრცელებული ჩანაწერების თემას. ცალსახაა, რომ ამ უმძიმეს ფაქტს სჭირდება არა ბრიფინგებზე ვარაუდების გამოთქმა, რაც უკვე თვალსაჩინოს ხდის ხელისუფლების მიზნებს, არამედ უსწრაფესი, ობიექტური გამოძიება. ვითარების სიმწვავე ყველას გვაკისრებს ვალდებულებას, თვალი გავუსწოროთ პრობლემას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში და როგორც ვხედავთ, ამ დრომდე უმძიმეს პრობლემად რჩება.

ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ ამ მასალების ავთენტურობაზე ან არაავთენტურობაზე, თუმცა ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელია ის, რაც ხდება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ოცნების“ მმართველობის დროს მიღწეულ როგორც წარმატებებზე, ასევე წარუმატებლობებზე და „ოცნების“ დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით, იმაზეც, რომ მანდატის ფარგლებში, თუნდაც რეფორმების კუთხით ვერ შევქმენით საკმარისი ფუნდამენტი, რათა ამგვარი მეთოდებით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, უმსგავსობას, ერთხელ და სამუდამოდ მოღებოდა ბოლო. თუმცა ის, რასაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მიუღებელია, და ამის ჩამდენმა პირებმა პასუხი უნდა აგონ კანონის მთელი სიმკაცრით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ, „ოცნების“ ე.წ. ლიდერებმა ირიბად დაადასტურეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 თვეა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის პირდაპირი სამიზნე და ყოველდღიურად ხორციელდება მძიმე ზემოქმედება ჩვენს მომხრეებზე, მიგვაჩნია, რომ გვერდით უნდა გადაიდოს პარტიათა პოლიტიკური ინტერესები და შევთანხმდეთ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრის გზებზე. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ პოლიტიკური – წინასაარჩევნო გარემოს დაზიანებასთან, არამედ ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ასევე, მიმართულია ქართული ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ.

ამიტომ, მივმართავთ თხოვნით ქართულ მედიასაშუალებებს, არ მოახდინონ ისეთი ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც შეიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას. ცალსახაა, რომ არსებობს უკიდურესი აუცილებლობა, ამ უმძიმეს ფაქტს, ნაცვლად უპასუხისმგებლო ტყუილებისა, უმოკლეს ვადებში პასუხი გაეცეს ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიებით. „ოცნების“ ხელმძღვანელთა რეაქციები, მათ შორის განცხადებები, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტების უტიფრად დადანაშაულებას, ნათლად წარმოაჩენს იმ მძიმე რეალობას, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. აშკარაა, რომ „ოცნება“ ისევ პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს და მათ ინტერესებში არ შედის დადგინდეს ჭეშმარიტება. შესაბამისად, ერთი მხრივ, მოვითხოვთ, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთონ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები, მეორე მხრივ კი, საპარლამენტო მანდატის ფარგლებში მოვითხოვთ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს ბინძური, მანკიერი პრაქტიკა და საქართველო უნდა გახდეს ძლიერი სახელმწიფო“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.