ბექა ლილუაშვილი - მხარდაჭერის გეგმის საფუძველზე სახელმწიფო ეხმარება სამშენებლო სექტორს და ამავდროულად პასუხობს დევნილი მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილების გამოწვევას
ბექა ლილუაშვილი - მხარდაჭერის გეგმის საფუძველზე სახელმწიფო ეხმარება სამშენებლო სექტორს და ამავდროულად პასუხობს დევნილი მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილების გამოწვევას

დევნილებისთვის ბინების შესყიდვა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძება, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერის გეგმის საფუძველზე, სახელმწიფო, ერთის მხრივ, ეხმარება სამშენებლო სექტორს და მეორე მხრივ, პასუხობს  ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას – დევნილი მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილებას.

„როდესაც ამ ღონისძიებაზე ვმუშაობდით, ვთქვით, რომ ჩვენ, ერთის მხრივ, შეგვიძლია მივეხმაროთ სექტორს და მეორეს მხრივ, ვუპასუხოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას – ჩვენი დევნილი მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილებას. ამიტომ, ეს ღონისძიება მოხვდა მხარდაჭერის გეგმაში. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო, ყოველწლიურად დაგეგმილი რაოდენობის მიხედვით ახორციელებს საცხოვრებელი ფართების შეძენას. ეს პროცესი ჩვენ მიმდინარე ბიუჯეტის მიხედვითაც გვქონდა დაგეგმილი და წელს ის გაგრძელდება წლის ბოლომდე, თუმცა დამატებით 150 მილიონი ლარის რესურსი დაიხარჯება იმაზე, რომ 1800 დევნილ ოჯახს დავუკმაყოფილოთ საჭიროება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ერთის მხრივ, სექტორს შეუნარჩუნებს და გაუზრდის შემცირებული გაყიდვების მაჩვენებელს და მეორე მხრივ, საშუალოდ, სამი წლით ადრე 1800 ოჯახს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღონ საცხოვრებელი ფართი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.