ბექა ლილუაშვილი - იპოთეკურ სესხზე ლარში საპროცენტო განაკვეთი 7 პროცენტამდე შემცირდება, რაც ისტორიული მინიმუმია
ბექა ლილუაშვილი - იპოთეკურ სესხზე ლარში საპროცენტო განაკვეთი 7 პროცენტამდე შემცირდება, რაც ისტორიული მინიმუმია

მთავრობის მიერ მოხდება სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება, 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება დაახლოებით 7  პროცენტამდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ვისაც დაგეგმილი აქვს ბინის ყიდვა მნიშვნელოვანი შეღავათით სარგებლობა შეეძლება.

„საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, დეველოპერულმა სექტორმა, ერთობლივად შევიმუშავეთ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებები. ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია, დეველოპერულ სექტორში გავზარდოთ მოთხოვნა, საცხოვრებელი ბინების შეძენა გავხადოთ უფრო მეტად ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას. ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეღავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლოს აიღებენ იპოთეკურ სესხებს, უძრავი ქონების შესაძენად.

რაც შეეხება კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილს, მთავრობის მიერ მოხდება სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება, 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით ნიშნავს, რომ დაახლოებით, საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7 პროცენტამდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს დენომინირებულ ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 000 ლარამდე სესხის აღებას.

„სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 000 ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან ხუთი  წლის განმავლობაში. რატომ ხუთი წლის განმავლობაში – მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 10-წლიანი ან 15-წლიანი, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს და სახელმწიფო ეხმარება მას, რომ ეს საპროცენტო ხარჯი შეუმსუბუქოს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დატოვე კომენტარი