ბექა ლილუაშვილი - დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ე.წ. ჯილდო შეთანხმებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მეგობრების მიერ
ბექა ლილუაშვილი - დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ე.წ. ჯილდო შეთანხმებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მეგობრების მიერ

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდო ნორვეგიის სახელმწიფოს არ მიუცია. მისივე თქმით, საქმე ეხება ნორვეგიაში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ორგანიზაციულ ჯილდოს.

როგორც ბექა ლილუაშვილი ამბობს, დარწმუნებულია, ჯილდოს საკითხი „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მეგობრების მიერ არის შეთანხმებული.

„„ქართული ოცნება“ ძალიან კარგად იყენებს და პოზიციონირებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ჯილდო გადასცა ნორვეგიის სახელმწიფომ. ხელისუფლება ამ ნარატივს იყენებს, როგორც პროპაგანდას დასავლეთის წინააღმდეგ. სინამდვილეში, საქმე გვაქვს ოპოზიციური პარტიის, „კონსერვატიული პარტიის“ ორგანიზაციულ ჯილდოსთან, რომელსაც არანაირი ეროვნული დანიშნულება ან მნიშვნელობა არ აქვს. სხვათა შორის, ეს პარტია არის „ევროპის სახალხო“ პარტიის წევრი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე პარტიაა.

დარწმუნებული ვარ, ე.წ. ჯილდო პირდაპირ დალაგებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მეგობრების მიერ. დალაგებული, ანუ შეთანხმებული. რაც შეეხება ჯილდოს შინაარსს, საქართველოში ვინ და როგორ უნდა დაიჯეროს მიხეილ სააკაშვილის წვლილი თუ წილი ადამიანის უფლებების დაცვაში, როცა კონკრეტულ საქმეებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებები არსებობს. ის პერიოდი ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ და კარგად გვახსოვს. ამ ადამიანს საკუთარი საქციელი არც ერთხელ უნანია და, ბუნებრივია, ვერანაირ დამსახურებაზე ვერ იქნება საუბარი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.