ბექა ლილუაშვილი - ბიზნესის კეთების რეიტინგი არის იმის ინდიკატორი, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემოს განვითარება უწყვეტი და მდგრადია
ბექა ლილუაშვილი - ბიზნესის კეთების რეიტინგი არის იმის ინდიკატორი, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემოს განვითარება უწყვეტი და მდგრადია

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაა, ეს არის ძალიან მკაფიო ინსტრუმენტი, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი კერძო სექტორი, დასაქმების, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებისა და შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში სიღარიბის გადაჭრის საშუალება, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა,  ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს პირდაპირ ეხმაურება ქვეყანაში ადამიანზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას.

ლილუაშვილმა ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიციები შეაფასა. მისი თქმით, სწორედ ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ბიზნესგარემო უწყვეტად და მდგრადად ვითარდება.

„რეიტინგი შედგება 10 სხვადასხვა კომპონენტისგან, დაწყებული ბიზნესის რეგისტრაციით, დამთავრებული გადახდისუნარიანობის პროცედურებით. ძირითადი არსი არის ის, რომ ქვეყანაში შეფასდეს ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის საჭირო ინსტიტუციური განვითარებისა და პროცედურების ეფექტიანობის დონე და ხარისხი. ამ თვალსაზრისით, ჩვენ საკმაოდ კარგი პოზიციები გვაქვს, კერძოდ, 190 ქვეყანას შორის, საქართველო მეშვიდე ადგილზეა და მეტიც, 10 სხვადასხვა კომპონენტიდან სამის მიხედვით, პირველ ათეულში ვართ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი განმარტებით, საუბარია ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო დროსა და პროცედურებზე, საკუთრების რეგისტრაციის პროცედურებზე, ინსტიტუციურ ჩარჩოსა და ე.წ მინორიტარული, მცირე წილის მქონე აქციონერების უფლებების დაცვაზე.

ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში (Doing Business 2020) საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. შესაბამის კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა, რადგან 2019 წლის ანგარიშში ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებდა.

ამასთან, 2020 წლის ანგარიშში საქართველო შეფასებულია 83,7 ქულით. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შეადრებით 0,2 ქულით გაუმჯობესდა.