ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესი გრძელდება
ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესი გრძელდება

გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ორ მოწმეს წარმოადგენს. პროკურორის განცხადებით, დაიკითხება სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და ექსპერტი.

დაცვის მხარის ადვოკატის, ნოდარ ცინცაძის განცხადებით, დღეს პროცესზე ვიდეომასალების ჩვენება და გამოკვლევა მოხდება. მისი თქმით, ვიდეოჩვენება დღევანდელ პროცესს მეტ ინტერესს შესძენს. მხარეების დასკვნის საფუძველზე დაცვის მხარე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს 12 მოწმის ჩვენების უდაოდ ცნობის შესახებ.

საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 17 მაისს, გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას შვილი ბექა ხახუბია ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.