ბექა ფერაძე - ტყიბულის შახტში ხარვეზები კონტროლის მექანიზმისა და კოორდინაციის კუთხით აღმოჩნდა
ბექა ფერაძე - ტყიბულის შახტში ხარვეზები კონტროლის მექანიზმისა და კოორდინაციის კუთხით აღმოჩნდა

ტყიბულის შახტში 16 ივლისს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნაში ძირითადი აქცენტი კონტროლის მექანიზმის ნაკლებობაზე, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის არასაკმარის კოორდინაციაზე კეთდება, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გათვალისწინებული იყო, რომ შატხში აფეთქებითი სამუშაოების დაწყებამდე ადგილზე მყოფებს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ და უსაფრთხო ზონაში გადასულიყვნენ, რისი კონტროლის ვალდებულებაც დამსაქმებელს აქვს.

„ასევე, დასაქმებული ვალდებულია, დაიცვას პასპორტით განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმები. სწორედ ამ
მიმართულებით აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომ არ მოხდა ამ პროცესების ეფექტიანად წარმართვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მიდგომა ზოგადად არის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც მოიცავს სისტემურ მიდგომებს და არა კონკრეტულ დეტალებზე აქცენტს. ამ მიმართულებით შევხედეთ ხარვეზს“,- განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება ბრალეულობის გამოკვეთას, მისი თქმით, ეს საკითხი შრომის ინსპექციის დეპარტამენტის კომპეტენცია არ არის.

„უსაფრთხოების ნორმები რამდენად იყო დაცული და რა პროცესებთან გვქონდა საქმე, ამაზე გავაკეთეთ აქცენტი. საუბარია დაგეგმილ პროცესებზე და არა ზოგადად ნახშირის შახტის თვითგახურების შედეგად წარმოქმნილ პროცესზე. საუბარი არის იმ მიმართულებით, რომ საკმარისი დისტანცია და კოორდინაცია არ იქნა განხორციელებული. აფეთქება დაგეგმილი იყო, რომელიც ხორციელდება პერიოდულად, უბრალოდ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული და არაერთი ხარვეზიანი მონაკვეთი დაფიქსირდა ჩვენს მიერ წარდგენილ დასკვნაში“, – აღნიშნა ფერაძემ.

ამასთან, პირველი არხისთვის ცნობილი გახდა ტყიბულის შახტში, 16 ივლისს, მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევის ოქმის დეტალები. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, ტყიბულის შახტში უსაფრთხოების კომპლექსური სისტემა არ არსებობს და საწარმოში ამ ეტაპზე რაიმე შრომითი აქტივობა მიზანშეწონილი არ არის.