ბექა ფერაძე - სპეციალური პროტოკოლი იმ საცურაო აუზებისთვისაც გაიწერება, რომლებიც არ მდებარეობენ სასტუმროებში
ბექა ფერაძე - სპეციალური პროტოკოლი იმ საცურაო აუზებისთვისაც გაიწერება, რომლებიც არ მდებარეობენ სასტუმროებში

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, საცურაო აუზებს, რომლებიც სასტუმროებშია განთავსებული და აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მუშაობის ნებართვა მიეცათ.

როგორც ბექა ფერაძემ განმარტა, რაც შეეხება ღია და დახურული ტიპის აუზებს, რომლებიც არ მდებარეობენ სასტუმროებში, მიმდინარეობს მათთან ადაპტირებული მოთხოვნების შემუშავება.

„რაც შეეხება აუზებს, სასტუმროებს ეძლევათ მუშაობის ნებართვა იმ შემთხვევაში, როდესაც შრომის ინსპექცია შეამოწმებს და მათ ექნებათ დადებითი დასკვნა, რომ ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. შესაბამისად, აუზი, რომელიც განთავსებული იქნება ასეთი ტიპის სასტუმროში, შეესაბამება სტანდარტებს. ასევე, სტუმრები, რომლებიც სასტუმროში არიან განთავსებული, მათი აღრიცხვა ხდება და შესაბამისად, რისკი შედარებით ნაკლებია. რაც შეეხება ღია ტიპის აუზებს, ვინაიდან აქ მოქალაქეთა ძალიან დიდი ნაკადია დაინტერესებული და ინტენსივობა არის მაღალი, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. სპეციალური პროტოკოლი მათთვისაც იქნება შემუშავებული, რის შემდგომაც ისინი უკვე განახორციელებენ სამუშაოებს. ეს ეხება ღია და დახურული ტიპის აუზებს ამ შემთხვევაში. პროტოკოლი გაწერილია ზოგადი, ჰიგიენური ნორმები როგორ უნდა მოხდეს. მაგრამ ვინაიდან მოქალაქეთა ძალიან დიდი ოდენობით არის მიმართვა ასეთი ტიპის ობიექტებზე და ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი, რომლის აღრიცხვაც ვერ მოხდება ისეთი ეფექტურობით, რასაც ჩვენ მოვახდენთ და გავაკონტროლებთ სასტუმროებთან მიმართებით, ბუნებრივია, მათთან მუშაობა გრძელდება და მათთან იქნება ადაპტირებული მოთხოვნები“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.