ბექა ფერაძე - შემოწმდა 2 390 სკოლა, ყველამ მიიღო ნებართვა კლასებში სწავლის განახლებაზე
ბექა ფერაძე - შემოწმდა 2 390 სკოლა, ყველამ მიიღო ნებართვა კლასებში სწავლის განახლებაზე

სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე, ინსპექტირების დეპარტამენტმა ჯამში 2 390 სკოლა შეამოწმა, ყველამ დადებითი დასკვნა მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა.

„შემოწმებულია 2 390 სკოლა ჯამში. აქედან საჯაროა 2 085, დანარჩენი არის კერძო. დაახლოებით ათი სკოლაა, სადაც რემონტი მიმდინარეობს და ეს ბავშვები გადანაწილებული არიან სხვადასხვა სკოლაში. სრულად შევამოწმეთ სკოლები და გავეცით შესაბამისი ნებართვები. დღეის მდგომარეობით, ყველა სკოლას აქვს დადებითი დასკვნა.

ბუნებრივია, პროტოკოლს, რაც განსაზღვრულია სკოლების მიმართ, განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით. ახლა ინსპექტირება განხორციელდა ნებართვის გაცემისთვის. ეს არის წინსწრებით განხორციელება, რათა ჩვენ გვქონდეს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ საგანმანათლებლო პროცესის განახლება იქნება უსაფრთხო და ტექნიკურად გამართული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, სკოლებში სწავლის განახლების შემდეგ, გეგმურად, ეტაპობრივად კვლავ მოხდება ინსპექტირება.

„გეგმურად, ეტაპობრივად მოვახდენთ შემოწმებებს, რათა სასწავლო პროცესში ვნახოთ უშუალოდ, რა პროცესები და რა ვითარებაა რეკომენდაციების გათვალისწინებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბექა ბექა ფერაძემ.

ხვალ, პირველ ოქტომბერს, აჭარის გარდა, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას.