ბექა ფერაძე - რესტორნებისთვის შემუშავებულია გაიდლაინები, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები
ბექა ფერაძე - რესტორნებისთვის შემუშავებულია გაიდლაინები, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები

ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში, დღეიდან განახლდა ყველა ტიპის სარესტორნო მომსახურება, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შემუშავებულია სპეციალური გაიდლაინები და რეკომენდაციები, როგორ უნდა იმუშაონ უსაფრთხოდ აღნიშნული ტიპის ობიექტებმა.

„ეკონომიკის გახსნის პროცესი მიმდინარეობს. ამ პერიოდში, ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობის დროს 10 000-ზე მეტი კომპანია შემოწმდა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან, რომელშიც ასევე ჩართული იყო მუნიციპალიტეტი, შემოსავლების სამსახური და სხვადასხვა უწყება. ჩვენ ფაქტობრივად დავიწყეთ მზადება იმისთვის, რომ ბიზნესის გახსნა ყოფილიყო მდგრადი, შეჩვეოდნენ, ადაპტირება მოეხდინათ და დაენერგათ უსაფრთხოების ზომები სამუშაო ადგილებზე, ასევე ამით ეკონომიკის გახსნისთვის შეგვეწყო ხელი, რომ ფუნქციონირების პროცესში მაქსიმალური პრევენცია მომხდარიყო და ამასთანავე, ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც კომპანიები ამდენი ხნის განმავლობაში ელოდნენ, მაქსიმალურად ხელშესახები ყოფილიყო. დღეს გაიხსნა კიდევ და ნება დაერთოთ ყველა ტიპის სარესტორნო მომსახურებას, განაგრძონ მუშაობა. ესენია დახურული ტიპის რესტორნები. მათთვის შემუშავებულია გაიდლაინები, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა მოხდეს პრევენციული ღონისძიებები, სადეზინფექციო სამუშაოები ბუნებრივია, გაზრდილი ოდენობით არის მოთხოვნილი. ამასთანავე, სამზარეულოს მიმართ არის სპეციალური მოთხოვნები დადგენილი, რაც მაქსიმალურ პრევენციას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

როგორც მან აღნიშნა, რეგულაციები მორგებულია რესტორნების სპეციფიკას, მოცემულ ეტაპზე ნებადართულია ერთ მაგიდასთან მხოლოდ ექვსი ადამიანის განთავსება.

„ფაქტობრივად, სამი კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიური სამუშოები გვქონდა სარესტორნო ბიზნესთან, პროცესში ჩართული იყო ყველა ასოციაცია, რომელიც ამ სექტორში მუშაობს. ის სტანდარტები, გაიდლაინები, რომელიც შემუშვებულია ჩვენ მიერ, ბუნებრივია, ადაპტირებულია და მორგებულია მათ სპეციფიკას. ექვსი ადამიანი არის თითო მაგიდასთან ამ ეტაპზე ნებადართული, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, ბუნებრივია, გადაიხედება“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

საქართველოში კვების ობიექტებში დღეიდან ყველა სახის მომსახურება განახლდება, მათ შორის, დასაშვები იქნება მოქალაქეთა მომსახურება დახურულ სივრცეში. საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის მოთხოვნები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით განისაზღვრა. დახურულ სივრცეში კვების ობიექტებს ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა მოუწევთ, რაც ღია სივრცეში, თუმცა, დახურული სივრცისთვის იმოქმედებს დამატებით რამდენიმე რეგულაცია.