ბექა ფერაძე - რესტორნების წარმომადგენლებს შეუძლიათ, სანქციები გაასაჩივრონ, თუმცა შესწავლილი მაქვს ყველა პუნქტი და საუბარია დისტანციის დარღვევაზე
ბექა ფერაძე - რესტორნების წარმომადგენლებს შეუძლიათ, სანქციები გაასაჩივრონ, თუმცა შესწავლილი მაქვს ყველა პუნქტი და საუბარია დისტანციის დარღვევაზე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ პანდემიის დროს შესასრულებელი წესები ბიზნესასოციაციებთან ერთად შემუშავდა და პროცესში ჩართული იყო მაქსიმალურად ყველა სარესტორნო, კვების ობიექტი.

ზოგიერთი რესტორნის დაჯარიმების საკითხზე საუბრისას ფერაძე აღნიშნავს, რომ წესები სავალდებულოდ შესასრულებელია, რათა საზოგადოების ჯანმრთელობა დაცული იყოს.

„ჩვენ თამაშის წესები და პროტოკოლის თითოეული მუხლი შევიმუშავეთ ყველა იმ ბიზნესასოციაციებთან, რომელიც ამ სივრცეში ოპერირებს და მოღვაწეობს. ჩართული იყო მაქსიმალურად ყველა სარესტორნო, კვების ობიექტი. ის თამაშის წესები, რომელიც განვსაზღვრეთ, არის ფუნდამენტურად სავალდებულოდ შესასრულებელი, რათა თქვენი, საზოგადოების, კეთილდღეობა და ჯანმრთელობა იყოს დაცული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ფერაძის განმარტებით, საუბარია დისტანციის დარღვევაზე.

„ბუნებრივია, ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა ინსტანცია. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არასწორად მოხდა სანქცირების გამოყენება, შეუძლია, გასაჩივრების მექანიზმი გამოიყენოს. თუმცა, მე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თითოეული პუნქტი მაქვს შესწავლილი და იქ იყო დისტანციის დარღვევაზე საუბარი, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რადგან ვირუსის გავრცელებას შევუშალოთ ხელი და სხვადასხვა ბიზნეს-სუბიექტთან კონკურენცია სამართლიანი იყოს“, – განაცხადა ფერაძემ.

დატოვე კომენტარი