ბექა ფერაძე - ქვეყნის მასშტაბით შემოწმებული 54 რესტორნიდან და კვების ობიექტიდან სანქციები გამოყენებულია 23 ობიექტის მიმართ, მოთხოვნები დააკმაყოფილა 31-მა ობიექტმა
ბექა ფერაძე - ქვეყნის მასშტაბით შემოწმებული 54 რესტორნიდან და კვების ობიექტიდან სანქციები გამოყენებულია 23 ობიექტის მიმართ, მოთხოვნები დააკმაყოფილა 31-მა ობიექტმა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სასტუმროებსა და კვების ობიექტებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც ბექა ფერაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება მონიტორინგი როგორც სასტუმროების, ასევე რესტორნების.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიგეგმა 1 607 სასტუმროს შემოწმება, რომელთაგან მოთხოვნები დააკმაყოფილა სრულად და ნებართვა გაცემულია 588 სასტუმროზე. მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 326-მა სასტუმრომ. ნებართვა არ არის გაცემული და გადავადება შემოწმებისთვის ითხოვა 693-მა სასტუმრომ. რაც შეეხება რესტორნების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს. ჯამში შემოწმდა 54 რესტორანი, კვების ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, რომელთაგან სანქციების მექანიზმი გამოყენებული იქნა 23 ობიექტის მიმართ, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები. მოთხოვნები დააკმაყოფილა 31-მა ობიექტმა. ამ მიმართულებით, სტატისტიკური მონაცემები დადებითია ბოლო პერიოდში და ჩვენ უკვე ეტაპობრივად, არამხოლოდ სარესტორნო ბიზნესის, არამედ სხვადსხვა სექტორული მიმართულებით გავაგრძელებთ მონიტორინგის სისტემებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ბიზნესოპერატორს, მაქსიმალურად დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული. ძალიან დეტალურად, მარტივად აღქმადი რეკომენდაციები არის გაწერილი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ პრევენციას და ხარჯებიც არის, ბუნებრივია, რაციონალური“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.