ბექა ფერაძე - მთელი ქვეყნის მასშტაბით სარესტორნო ბიზნესის შემოწმება მიმდინარეობს
ბექა ფერაძე - მთელი ქვეყნის მასშტაბით სარესტორნო ბიზნესის შემოწმება მიმდინარეობს

ამ წუთებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სარესტორნო ბიზნესის შემოწმების პროცესი, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გარკვეული ინფორმაციები, ბუნებრივია, დაკვირვების შედეგად გვაქვს მიღებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი თანამშრომლები გასული არიან და ახდენენ ზედამხედველობას. ვნახოთ, რა შედეგები დაფიქსირდება დღის ბოლოს, რაც უკვე ხვალ იქნება ცნობილი“, – განაცხადა ფერაძემ.

ბექა ფერაძემ ასევე განაცხადა, რომ საქმიანობა ეკრძალებათ იმ სასტუმროებს, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა არ ექნებათ.

„მუშაობის ნებართვა მხოლოდ და მხოლოდ იმ სასტუმროებს აქვთ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირდებიან, ინსპექტირებას გაივლიან და მუშაობის შესაბამის ნებართვას მივანიჭებთ“, – განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 600-მდე სასტუმრო, ნებართვა მიენიჭა 111-ს, 146-მა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ხოლო ნაწილმა გადავადება მოითხოვა და მათ დამატებით, რამდენიმე დღე ითხოვეს, რათა რეკომენდაციების შესაბამისობაში მოსულიყვნენ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საგანგებო სიტუაციების დროს სამსახურმა 11 000-ზე მეტი ინსპექტირება განახორციელა, რაც საკმაოდ მასშტაბურია.

„ასეთი რაოდენობა ფაქტობრივად, არ გვქონია ხუთწლიანი ისტორიის განმავლობაში, რაც დეპარტამენტი არსებობს და შეიძლება ითქვას, მთელი ხუთი წლის გეგმა ორ თვეში შევასრულეთ. მიზანი იყო ორი რამ – ერთი, რომ ეკონომიკის გახსნას საკმაოდ სიფრთხილით ვეკიდებით, რადგან როცა ეკონომიკა გაიხსნება, გვინდა, ის მდგრადი იყოს და ეპიდსიტუაცია იმ დონეზე არ გაუარესდეს, რომ გარკვეული რეგულაციების დაწესება მოგვიწიოს. მეორე, ბიზნესს წინსწრებით ჰქონდეს ინფორმაცია, რომ სანქცირების გამოყენება საჭირო არ გახდეს, ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ და მეტი პრევენცია გვქონდეს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.