ბექა ფერაძე - უკვე გადამოწმდა 300-მდე სასტუმრო, მუშაობის ნებართვა რამდენიმე ათეულს მიეცა
ბექა ფერაძე - უკვე გადამოწმდა 300-მდე სასტუმრო, მუშაობის ნებართვა რამდენიმე ათეულს მიეცა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სასტუმროებს მოუწოდებს, ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე დარეგისტრირდნენ, რათა შემოწმდნენ და მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღონ მუშაობის განახლების ნებართვა.

მისი თქმით, უკვე შეუძლიათ მუშაობა სასტუმროებს, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია და მათზე დადებითი დასკვნა გაიცა.

„ყველა სასტუმრო, რომელსაც ოპერირების გაგრძელება სურს, ვალდებულია, დარეგისტრირდეს, შრომის ინსპექციამ შეამოწმოს და დადებითი დასკვნის შემთვევაში განაახლებენ ოპერირებას. სასტუმროებისთვის განსაზღვრულია პროტოკოლი, რომელიც სხვადასხვა საკითხს მოიცავს, მათ შორის კვებითი უზრუნველყოფისთვის სფეროს, დადგენილია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რამდენ გრადუსზე უნდა ხდებოდეს თეთრეულის რეცხვა, როგორ ნიავდებოდეს, ასევე, როგორ ჩატარდეს დეზინფექციის სამუშაოები“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ამასთან, მისი თქმით, სასტუმროში შემსვლელ და ასევე ობიექტიდან გამსვლელ პირებს ყოველდღიურად უნდა ჩაუტარდეთ აუცილებელი თერმოსკრინინგი.

„გარდა ამისა, სპეციალური რეკომენდაციებია აუზებისა და სპაცენტრებისთვის, რა პერიოდულობით უნდა იცვლებოდეს წყალი და როგორც უნდა დაიცვან ჰიგიენა. სტუმრებისთვის უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით ახალი პირსახოცები, ყოველი გამოყენების შემდგომ ხდებოდეს შესაბამისი დეზინფექცია“, – აღნიშნავს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი.

მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 400-მდე სასტუმრო, რომელთაგან 300-მდე უკვე გადამოწმდა.

„რამდენიმე ათეულს მიეცა მუშაობის ნებართვა. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ყველა სასტუმრო დარეგისტრირდეს, რათა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მიიღონ მუშაობის ნებართვა. შიდა ტურიზმი იხსნება 15 ივნისიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს კვირა გამოიყენონ სასტუმროებმა, 15 ივნისამდე ჩვენ შევამოწმოთ და სპეციალური ნებართვა გავცეთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.