ბექა ფერაძე აცხადებს, რომ თბილისსა და ქუთაისში რესტორნების, გასართობი დაწესებულებების მონიტორინგს 20-მდე ჯგუფი ახორციელებს
ბექა ფერაძე აცხადებს, რომ თბილისსა და ქუთაისში რესტორნების, გასართობი დაწესებულებების მონიტორინგს 20-მდე ჯგუფი ახორციელებს

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, მონიტორინგის ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გააკონტროლებენ რესტორნების, ბარებისა და კლუბების საქმიანობას.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია 22:00 საათის შემდეგ საქმიანობას განაგრძობს, სანქციების მექანიზმი ამოქმედდება. ამასთან, ფერაძის ინფორმაციით, თბილისსა და ქუთაისში რესტორნების, გასართობი დაწესებულებების მონიტორინგს 20-მდე ჯგუფი ახორციელებს.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, როგორც იცით, დღეს 22:00 საათიდან შეიზღუდა რესტორნების, ბარებისა და კლუბების საქმიანობა. ბუნებრივია, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში გვაქვს.

მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან შრომის ინსპექციით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებით, აქტიურად მოახდენენ მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის ჯგუფების დიდი ოდენობა, დაახლოებით 20-მდე ჯგუფი გასული არის თბილისში მსგავსი ტიპის ობიექტების შესამოწმებლად, ასევე ქუთაისში, სადაც რეგულაციები დაწესდა. მოხდება ინსპექტირება და თუ ფაქტი გამოვლინდა იმისა, რომ 22:00 საათის შემდეგ კვლავ ახორციელებს მსგავსი ტიპის ორგანიზაცია საქმიანობას, შესაბამისად, სანქცირების მექანიზმი იქნება გათვალისწინებული. იურიდიული პირის მიმართ ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, ფიზიკური პირის მიმართ კი 2 000 ლარი. შეიძლება ვთქვათ, მთლიანად თბილისის მასშტაბით, ისევე როგორც ქუთაისში, თითოეული ობიექტი შემოწმდება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ასევე, როგორც ფერაძემ აღნიშნა, საპატრულო პოლიცია პირბადეების გამოყენებასაც აკონტროლებს.

„გადანაწილებული გვაქვს ფუნქციები, ამ შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია აქტიურად არის ჩართული და აკონტროლებს პირბადეების გამოყენებას. ასევე, პროცესში თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სამსახურები აქტიურად არიან ჩართული“, – აღნიშნა ფერაძემ.

თბილისსა და იმერეთის რეგიონში დღეიდან რესტორნები, ასევე ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს. შეზღუდვის დაწესება ეპიდვითარების გაუარესებას უკავშირდება. რეგულაციის შემოღების მიზანი კი, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების პრევენციაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მათი ძირითადი სტრატეგია სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვებია, რომელსაც სწრაფი შედეგი უნდა ჰქონდეს.