ბექა ფერაძე აცხადებს, რომ შრომის ინსპექციამ დადებითი დასკვნა 1500-მდე ბაღის მუშაობის დაწყებაზე გასცა
ბექა ფერაძე აცხადებს, რომ შრომის ინსპექციამ დადებითი დასკვნა 1500-მდე ბაღის მუშაობის დაწყებაზე გასცა

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ დადებითი დასკვნა 1500-მდე ბაღის მუშაობის დაწყებაზე გასცა.

როგორც ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იყო შემთხვევები, სადაც კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტის, ან სარემონტო სამუშაოების გამო არ მოხდა დღეს სწავლის განახლება, თუმცა, მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დაგეგმილია სააღმზრდელო პროცესის აღდგენა.

„როგორც იცით, სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შრომის ინსპექცია სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად ამოწმებდა ბაღებს. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 1500-მდე ბაღი და მათ მიმართ გაცემულია დადებითი დასკვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეფერხების გარეშე, დღეს უკვე ყველა ამ სააღმზრდელო დაწესებულებამ განაახლა პროცესი. იყო რიგი შემთხვევები, სადაც დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტის ან სარემონტო სამუშაოების გამო ერთეულ შემთხვევებში არ მოხდა დღეს სწავლის განახლება, თუმცა უახლოეს დღეებში დაგეგმილია, რომ ეს პროცესი სრულად აღდგება. ყველა სხვა შემთხვევაში სააღმზრდელო პროცესი განახლებულია.

ამით ფაქტობრივად დავასრულეთ როგორც სკოლამდელი, ასევე საბავშვო ბაღების შემოწმება. ასევე შემოწმებულია პროფესიული სასწავლებლები, უნივერსიტეტები და ფაქტობრივად მზადყოფნა ასეთი დაწესებულებების მხრიდან მაქსიმალურია.

ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება და ჯამში, დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა საზედამხედველო უწყების მიერ შემოწმებულია 130 ათასამდე კომპანია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

დატოვე კომენტარი