ბექა ძამაშვილი - წინა მთავრობის დროს ჩადენილი დარღვევების გამო, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მილიონი ლარის გადახდა მოუწია
ბექა ძამაშვილი - წინა მთავრობის დროს ჩადენილი დარღვევების გამო, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მილიონი ლარის გადახდა მოუწია

წინა მთავრობის დროს ჩადენილი დარღვევების გამო, საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მილიონი ლარის გადახდა მოუწია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ძამაშვილის განცხადებით, დარღვევების უმეტესი რაოდენობა სტრასბურგის სასამართლოშია და მიუხედავად იმისა, ვინ იყო მთავრობაში კონკრეტული დარღვევის დროს, ძამაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანოებისთვის ეს არ არის გადამწყვეტი, მათთვის მთავარია, რომ სახელმწიფომ კომპენსაცია მიანიჭოს დაზარალებულებს.

„ფაქტობრივად, გაერო-ში ცოტა საქმეებია, დარღვევების ძირითადი, უმეტესი რაოდენობა მოდის სტრასბურგის სასამართლოზე. დარღვევების აბსოლუტური უმრავლესობა არის წინა მთავრობის დროს ჩადენილი შემთხვევები და საქართველოს დღევანდელ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან უწევს ამ თანხების გადახდა. რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მოპასუხე არის სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, ვინ იყო კონკრეტული დარღვევის დროს მთავრობაში, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანოებისთვის ეს არ არის გადამწყვეტი. მათთვის მთავარია, სახელმწიფომ კომპენსაცია მიანიჭოს დაზარალებულებს.

რაც შეეხება პრაქტიკას, რომ ქვეყნის შიგნით ხდებოდეს რაღაც რეგრესის წესით თანხის ამოღება ან რაღაც კუთხით სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, იურიდიულად ასეთი პრაქტიკა ნაკლებად მოიძებნება. უფრო მეტად, ეს არის ხოლმე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ყველა ამ ორგანიზაციის. თუმცა, სამართლებრივად სტრასბურგის სასამართლოც და გაერო-ს კომიტეტებიც ამას უყურებენ როგორც სახელმწიფოს ერთიანობაში. შესაბამისად, თუ სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეს უფლებები დაურღვია, მათთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აუნაზღაუროს კომპენსაცია და ცხადია, სახელმწიფოს უწევს ამ თანხების გადახდა“, – განაცხადა ძამაშვილმა.

კითხვაზე, რა თანხას შეადგენს, რასაც ქვეყანა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებების გამო დაკისრებული კომპენსაციისთვის იხდის, ძამაშვილმა განაცხადა, რომ „დღეისთვის ეს თანხა არის დაახლოებით 7 მილიონი ლარი, რაც ჯამში სახელმწიფოს მოუწია, რომ ამ დარღვევებისთვის გადაეხადა“.