ბექა ძამაშვილი - უნდა დამთავრდეს სპეკულაციები, თითქოს ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან ჩვენ დღეს უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება
ბექა ძამაშვილი - უნდა დამთავრდეს სპეკულაციები, თითქოს ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან ჩვენ დღეს უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი იყო ანაკლიის პორტის თაობაზე, თითქოს ეს პროექტი ვერ განხორციელდა ხელისუფლების ბრალეულობით, საუბარი იყო რაღაც დასავლური ინვესტიციების ხელშეშლაზე, ყველა ამ ბრალდებას ერთი წინ პასუხი გასცა პარიზის არბიტრაჟმა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ძამაშვილის თქმით, ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა.

„ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა, არაერთხელ გადავადებოდათ ამ ვალდებულების შესრულების პერიოდი, თუმცა მათ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლეს ამ პროექტის განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი, მათ შორის, გამახვილებულია იმ ასპექტზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ძალიან აქტიურად აპელირებდნენ ხოლმე. საუბარია მათ წინააღმდეგ წარმართულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე, ვაშინგტონის არბიტრაჟმაც ამ საკითხზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცა. ფაქტობრივად აღნიშნა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში, არ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, თუ ის ჩაიდენს დანაშაულს, ექნება იმის დაზღვევა, რომ რაღაც პროექტთან თუ რომელიღაც პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული. ასევე, ყურადსაღებია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული არის ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ, სამი არბიტრის მონაწილეობით ერთხმად, მათ შორის მომჩივრების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის განუხორციელებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს. უნდა დამთავრდეს სპეკულაციები, თითქოს ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან ჩვენ დღეს უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყეტილება“, – განაცხადა ძამაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. მათივე ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.