ბექა ძამაშვილი – სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას, საქმეში მთავრობა ჩართული იყო მესამე მხარედ
სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მოსახლეობის კიდევ ერთი გამარჯვება, რადგან ჩვენი აბსოლუტური მოვალეობა და მიზანი იყო, საერთაშორისო სასამართლოებში დაგვეცვა, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ღირსება და, მეორეს მხრივ, ჩვენი სამხედროების ღირსება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა საქმეში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომისას რუსეთის მხირდან სიცოცხლის უფლების დარღვევასა და წამებას ეხებოდა, მესამე მხარედ იყო ჩაერთული.
„ჩვენი ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა საერთაშორისო სასამართლოებში საქმეების წარმოება, განსაკუთრებით, როდესაც ეს უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აქამდე ყველა დავა მოიგო, როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოებში. დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხებოდა სამხედრო ტყვეებს, რომლებიც ომის დროს აწამეს და ნაწილი წამებით მოკლეს. გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლო დაეყრდნო უკვე სახელმწიფოთაშორის საქმეში დადგენილ დარღვევას, ასევე მითითებული არის ჰააგის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამ საკითხთან დაკავშირებითაც ჩვენ წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირების სიცოცხლის უფლების დარღვევასა და წამებას“, – განაცხადა ძამაშვილმა.
როგორც ძამაშვილმა აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირები საქართველოს ხელისუფლებამ ისე წარმართა საქმის წარმოება, რომ წინა ხელისუფლების მიერ გაფუჭებული და წაგებული საქმეები შემოაბრუნა.
„ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობისა და სამხედროების ღირსება. ის, რომ ანწუხელიძე, ხუბულური და სოფრომაძე აწამეს, საქმეში გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც. დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას თუ წაიკითხავთ, სასამართლო ამბობს, რომ ეს პირები მითითებული არიან საქართველოს სახელმწიფოს მიერ მოგებულ დავაში. რაც შეეხება კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას და აგენტებად მათ გამოცხადებას, არ მინდოდა ამ კომენტარის გაკეთება, მაგრამ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ინდივიდუალური საჩივრით, საქართველოს და ქართველ სამხედროებს ცხინვალის დაბომბვას აბრალებდა. ამ ორგანზიაციას უნდა დაეცვა ქვეყნის, ანწუხელიძის და ყველა ქართველის ინტერესიც, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის დაბომბვაზე საჩივარი არ უნდა შეეტანა. შრომა იქნებოდა ფუჭი, მათი საჩივარი რომ წაგვეგო, სადაც დადგინდებოდა ცხინვალის დაბომბვა. სტრასბურგში არ უნდა წასულიყო ისეთი საქმეები, სადაც ცხინვალის დაბომბვა ბრალდებოდათ ქართველ სამხედროებს. საჭირო არ არის ასეთი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ცხინვალის დაბომბვას აბრალებს“, – განაცხადა ძამაშვილმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა. საუბარია სარჩელზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა.